მეუფე შიო: 'ის ქადაგება, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს წმინდა მოციქულებმა, დღესაც გრძელდება'


საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ქრისტეს თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს, სვეტიცხოვლობას

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ათორმეტი მოციქულის ხსენებას და სვეტიცხოვლობას.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და ლოცვა-კურთხევას.

ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მოციქულთა სახელები, მათი ცხოვრება და ღვაწლი, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ ჩვენი ეკლესიის შენობის საძირკველს, იმ შენობისა, რომელიც უკვე 2000 წელია დგას და, ღვთის შეწევნით, მომავალშიც იდგება, ვიდრე ჟამთა აღსასრულამდე.

დღეს გახლავთ დღესასწაული ამ დიდებული ტაძრისა, სადაც იკურთხებოდნენ და ლოცულობდნენ ჩვენი დიდი პატრიარქები, დიდი მღვდელმთავრები, მეფეები.

ის, რომ დღეს ჩვენ აქ ვართ შეკრებილნი და ჩვენ მიერ წირვაზე ერთობლივად აღვლენილი ლოცვები იმაზე მეტყველებს, რომ მოციქულებისგან მიღებული მემკვიდრეობა დღესაც ცოცხალია ჩვენს ეკლესიასა და ჩვენს ერში, ჩვენი ერის ცხოვრებაში. როდესაც დღეს ვიხსენიებთ წმინდა მოციქულებს, რომლებმაც თავიანთი ღვაწლით, თავიანთი სისხლითა და ცრემლით, ქრისტეს ნათლით განანათლეს საქართველო და ასევე იმჟამინდელი მსოფლიოს ყველა მხარე, გვახსენდება სახარებიდან ეპიზოდი, როდესაც უფალმა იესო ქრისტემ მათ მოუწოდა და უთხრა: „მოდით და შემომიდექით მე“ (მთ. 4, 19). აი, მას შემდეგ მომავალმა მოციქულებმა ყველაფერი მიატოვეს და ქრისტეს გაჰყვნენ და ეს მოწოდება უფლისა არის მოწოდება ყოველი ჩვენგანისადმი. ეს არის ასევე მოციქულების მოწოდება. ეს არის ყველა იმ წმინდანის მოწოდება, რომლებმაც მოციქულების მსგავსად მიატოვეს ყველაფერი იმისთვის, რომ ქრისტესთან ყოფილიყვნენ.

ზოგჯერ სახარებაში მოციქულთა შესახებ ვკითხულობთ ისეთ რამეს, რაც გვაკვირვებს ხოლმე. ჩვენ ვხედავთ, რომ სულიწმიდის გარდამოსვლამდე მოციქულები ზოგჯერ ავლენენ სისუსტეს, ავლენენ მერყეობას რწმენასა და სულიერ ცხოვრებაში, ანუ ყველაფერ იმას, რაც ჩვენც გვახასიათებს. მაგრამ მათგან განსხვავებით ამ მერყეობისა და სისუსტის დროს ჩვენ უფრო ხშირად ვშორდებით ხოლმე ქრისტეს და ეს გვაკარგვინებს ჩვენი შინაგანი სულიერი საყრდენისა და ჩვენი რწმენის სიძლიერის შეგრძნებას. მოციქულები კი, მიუხედავად მათ მიერ ზოგჯერ გამოვლენილი ამ უძლურებისა, არ ტოვებდნენ მაცხოვარს და ყოველთვის მასთან იყვნენ, ვინაიდან მათ ჰქონდათ უმთავრესი თვისება, ძვირფასო ძმებო და დებო: დიდი სიმტკიცე და შემართება, გამბედაობა, ქრისტეს შედგომისა, რომ ქრისტესთან ყოფილიყვნენ.

ჩვენ ძალიან გვაკლია ეს თვისება. ამიტომ დღეს ჩვენ გვმართებს ვთხოვოთ წმინდა მოციქულებს, ილოცონ ჩვენთვის, რათა უფალმა მოგვცეს ეს სიმტკიცე და გამბედაობა, რომ ყოველთვის გვესმოდეს ხმა ქრისტესი, რომელიც მოგვიწოდებს და პასუხს ვცემდეთ ამ მოწოდებას მოციქულების მსგავსი ერთგულებით.

წმინდა მოციქულები ემსახურნენ ღვთის სიტყვის ქადაგების საქმეს, ისინი ქადაგებდნენ ქრისტეს, ქადაგებდნენ ქრისტეს აღდგომაზე, ისინი აძლიერებდნენ ადამიანებს რწმენაში, სულიერებაში. დაბოლოს, ღვთის სიტყვის ქადაგებისა და ქრისტესთვის მოწამებრივი სიკვდილი დაითმინეს; მათმა ქადაგებამ, როგორც ნათქვამია დღევანდელი დღესასწაულის წარდგომაში, მსოფლიოს უკიდურეს მხარეებამდეც კი მიაღწია: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

ძვირფასო ძმებო და დებო, ის ქადაგება, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს წმინდა მოციქულებმა, დღესაც გრძელდება. ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ ქრისტეს დამოწმებას, ჩვენ დღესაც ვაცხადებთ სახარებისეულ ჭეშმარიტებებს, დღესაც ვქადაგებთ სახარებას, რითაც ვბაძავთ წმინდა მოციქულებს. ისინი კი თავიანთი ლოცვებით გვაძლიერებენ ამ ღვაწლში, რომელსაც ჩვენ შეძლებისდაგვარად მათი მიბაძვით ჩვენს ცხოვრებაში აღვასრულებთ.

მინდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებით და დიდი სიყვარულით მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომლის დიდი მსახურებაც არის ნათელი დასტური იმისა, რომ სამოციქულო მსახურება და სამოციქულო მემკვიდრეობა დღესაც გრძელდება და მისი უწმინდესობა არის უპირველესი გამოვლინება და მატარებელი ამ დიდი მსახურებისა. მინდა, მას ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და მოციქულთა შეწევნა და დიდი მადლობა გადავუხადო მისი ღვაწლისთვის, რომელსაც იგი ასეთი სიმტკიცით და მოშურნეობით დღესაც აღასრულებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ მოციქულთა დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას. უფალმა მოციქულთა ლოცვით, სვეტიცხოვლისა და საუფლო კვართის მადლით, რომელიც ამ წმინდა ტაძარში არის დავანებული, დაგლოცოთ და გაგახაროთ. უფალმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ.

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი

13 ივლისი, 2024 წელი

ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა

მსგავსი განცხადებები: