მეუფე შიო - ბედნიერი ვართ, რომ ჩვენს სამშობლოში იქადაგა ხუთმა მოციქულმა, რომელთაგან ორი დაკრძალულია ჩვენს სამშობლოში და ვხარობთ იმით, რომ მოციქულთა მიერ დაწყებული დიდი საქმე ქადაგებისა და ეკლესიის დაარსებისა დღესაც გრძელდება


საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, გილოცავთ სვეტიცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს.

დღეს არის თორმეტი მოციქულის ხსენება და აი, ამ დიდებული და ბრწყინვალე ტაძრის დღესასწაული. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს ჩვენ და მთელ საქართველოს მისი დალოცვა.

წმინდა ეკლესია დღეს განსაკუთრებულად ზეიმობს მოციქულთა ხსენებას. თქვენ იცით, რომ გუშინ იყო წმინდათა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენება. დღეს, როგორც გითხარით, არის თორმეტი მოციქულის ხსენება, ვინაიდან ისინი თვით უფალმა იესო ქრისტემ გამოირჩია. იგი ეტყვის მათ ერთხელ: „განა თორმეტი არ გამოგარჩიეთო?“ - გახსოვთ ეს მისი სიტყვები.

განსაკუთრებით ვზეიმობთ მოციქულთა ხსენებას ასევე იმიტომ, რომ წმინდა ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი გახლავთ სწორედ ის, რომ სამოციქულოა ეკლესია, როგორც ჩამოაყალიბეს ჩვენმა წმინდა მამებმა სარწმუნოების სიმბოლოში: „მრწამს ერთი წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“. სამოციქულოობა არის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიისა.

წმინდა მოციქულები იღვწოდნენ სახარების ქადაგებისთვის, ისინი ქადაგებდნენ იესო ქრისტეს სიტყვას, მის მკვდრეთით აღდგომას, აფუძნებდნენ ეკლესიებს, განამტკიცებდნენ სარწმუნოებას ადამიანებში და ბოლოს, როგორც იცით, ყოველმა მათგანმა მოწამებრივი სიკვდილი მიიღო.

და აი, მათი სიტყვები და მათი ქადაგება ქვეყნიერების კიდემდე მისწვდა, განივრცო, როგორც დღეს მოვისმინეთ ჩვენ დღესასწაულის წარდგომაში წმინდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელიც მან წინაგანჭვრიტა მოციქულთა მოღვაწეობის შესახებ: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“.

და აი, ჩვენ, ქართველები, ჩვენი ერი, ბედნიერი ვართ, რომ ჩვენს სამშობლოში იქადაგა ხუთმა მოციქულმა, რომელთაგან ორი დაკრძალულია ჩვენს სამშობლოში და ვხარობთ იმით, რომ მოციქულთა მიერ დაწყებული დიდი საქმე ქადაგებისა და ეკლესიის დაარსებისა დღესაც გრძელდება. ამის დასტური არის ის, რომ ჩვენ აქ ერთად ვიმყოფებით, მიუხედავად ამდენი ქარტეხილისა და სირთულისა, რაც ჩვენს ერს გადახდა ისტორიაში.

ამ წმინდა ტაძარში ლოცულობდნენ კათოლიკოს-პატრიარქები, ჩვენი მეფეები, იკურთხებოდნენ პატრიარქები და ეპისკოპოსები და იკურთხებიან დღესაც, ჩვენ ვაგრძელებთ სახარების ქადაგებას, ღვთის სიტყვის ქადაგებას დღესაც. ამ დიდ საქმეში ჩვენ გვეწევიან წმინდა მოციქულები, ვინაიდან ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად მივბაძოთ მათ.

როგორც მოგეხსენებათ, ამ დიდებულ ტაძარში არის დაფლული და დავანებული კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ეს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე ქრისტიანული სამყაროსი. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ წმინდა მამების სწავლებით, კვართი იყო მატარებელი მამაზეციერიდან მომდინარე ერთობისა, ერთიანობისა, ამ ერთობის დარღვევა არ შეეძლო იმას, ვინც იქნებოდა კვართის მფლობელი. ასე წერენ პირდაპირ წმინდა მამები, რომ ქრისტეს შესამოსლის ფლობა არ ძალუძს იმას, ვინც განყოფს და არღვევს ქრისტეს ეკლესიას.

აი, ამდენად, კვართი - ეს არის სიმბოლო ეკლესიის ერთიანობისა და, აქედან გამომდინარე, კვართი არის სიმბოლო ეკლესიის თავის, თვით უფალი იესო ქრისტეს სიმბოლოც და ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ეს მშვენივრად უწყოდნენ. მათ ეს იცოდნენ, რომ კვართის ფლობა ჩვენი ერისთვის არის უდიდესი ლოცვა-კურთხევა ღვთისგან, როგორც ჩვენდამი ღვთისგან ბოძებული დიდი სამოღვაწეო დანიშნულება, რაც გულისხმობს განსაკუთრებულ ზრუნვას ეკლესიის ერთიანობაზე, ეკლესიის სწავლების სიწმინდეზე. სწორედ ამიტომ ჩვენმა წინაპრებმა ჩვენამდე უმწიკვლოდ შეინახეს ეკლესიის სიწმინდეც და კვართიც უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ღმერთმა დაგლოცოთ, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს.

დღეს მინდა განსაკუთრებით თქვენთან ერთად მივულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ეს შესანიშნავი დღე, ვინაიდან, როგორც მოგახსენეთ, დღევანდელი ჩვენი შეკრება და ის ყველაფერი, რაც ჩვენი ეკლესიის გარშემო, ეკლესიაში ხდება ამ წლებისა და ათწლეულების განმავლობაში, ეს არის ნათელი დასტური, რომ ჩვენს ქვეყანაში სამოციქულო მემკვიდრეობა გრძელდება და ამ ყველაფრის მეთაური, მაკურთხეველი და წინამძღოლი გახლავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ამ მისი სამოციქულო ღვაწლისა გახლავთ ის, როგორც მოციქულები აარსებდნენ ეპარქიებს და აკურთხებდნენ მღვდელმთავრებს, რომ დღეს წმინდა სინოდის ყველა მღვდელმთავარი ვართ უშუალოდ მისი უწმინდესობის მიერ ხელდასხმული.

მინდა, ვუსურვო მას დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და მადლობა ვუთხრა თქვენთან ერთად მისი ამ საოცარი ღვაწლისთვის, რომელსაც, როგორც ჩვენ ვხედავთ, როგორი მოშურნეობითა და ერთგულებით აღასრულებს.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და იმედია, ჩვენი ერი კვლავაც გაიაზრებს, ჩვენ, ყველა, ამ დიდ დანიშნულებას, რაც მოგვეცა ღვთისგან კვართისა და ეკლესიის ბოძების სახით.

თქვენ ალბათ იცით, არის ეს სწავლება წმინდა ეკლესიაში, რომ ყოველი სიკეთე და ყოველი მადლი, რაც ღმერთისგან სამყაროს ებოძება, ეს ყველაფერი მოდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან; რომ უფალმა იესო ქრისტემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაადგინა შემნახველად და განმკარგველად ამ ყოველივე სიკეთისა და მადლისა. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით ვმადლობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ ვართ მისი წილხვდომილი ერი.

ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ დღეიდან იწყება მისი ხატის - „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“ - მოგზაურობა საქართველოს ეპარქიებში.

და თუ ჩვენ მომავალშიც ამ გზით ვივლით, უფალი ჩვენთან იქნება, მადლი სულისა წმინდისა მუდამ ჩვენთან იქნება და დაგვიცავს ჩვენ ხილული და უხილავი მტრებისგან.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

ღმერთმა საუფლო კვართისა და წმინდა სვეტიცხოვლის მადლით დაიფაროს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ!

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი

13 ივლისი, 2023 წელი

ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა

მსგავსი განცხადებები: