- 2023/09/21
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას, დალოცვას.
როგორც იგალობება დღევანდელი დღესასწაულის კონდაკში, ღვთისმშობლის შობამ გაათავისუფლა მისი მშობლები უშვილობის ყვედრებისგან. წმინდა იოაკიმე და ანა ამ ყვედრებას მთელი ცხოვრების განმავლობაში ითმენდნენ. როგორც პირად საუბრებში, ასევე ზურგს უკან, ჭორების სახით, მათზე ამბობდნენ, რომ ძალიან ცოდვილნი არიან, რაღაც ისეთი საიდუმლო ცოდვები აქვთ, რის გამოც ღმერთი შვილებს არ აძლევს. თქვენ გახსოვთ, ძველად ისრაელში უშვილობა ნიშნავდა, რომ ღმერთმა დასაჯა წყვილი და მიატოვა ცოდვების გამო. ამიტომ მათზეც ასე ფიქრობდნენ, მაგრამ, სინამდვილეში ღმერთმა მათზე ეს ჯვარი დაუშვა სულ სხვა მიზეზით: იმისთვის, რომ ასეთი მკვეთრი საშუალებით - ყველაფერი, რაც კი დაკავშირებულია ამპარტავნებასთან, გაღიზიანებასთან, სხვათა განკითხვასთან, მრისხანებასთან თუ სხვა ვნებებთან, მათგან განშორებულიყო. შედეგად, იმ დროს მთელ დედამიწაზე ამ ორ ადამიანს ყველაზე მეტი სიმდაბლე ჰქონდათ, ყველაზე თავმდაბალი ადამიანები იყვნენ.
აი, როდესაც მათ მიაღწიეს ამ სათნოებას და სიმდაბლის თვისებას (სიმდაბლის თვისების მოხვეჭას ათწლეულები სჭირდება, მათაც სიბერეში მიაღწიეს ამას), მაშინ, როგორც ნათქვამია ჩვენს ლოცვებში, ღვთის მიერ იძლია ბუნების წესი და მათ შვეს ქალწული, ქალიშვილი.
რისთვის იყო საჭირო ასეთი სიმდაბლე? რატომ უნდა ჰქონოდა მათგან შობილ ქალწულს, ღვთისმშობელს, ასეთი სიმდაბლე? რატომ უნდა დაბადებულიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ასეთი თავმდაბალი მშობლებისგან?
ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ის უნდა გამხდარიყო ქრისტე მაცხოვრის განკაცების იარაღი. ის უნდა დაბადებულიყო ასეთი მდაბალი მშობლებისგან, იმიტომ რომ თავად უფალია მდაბალი, როგორც თვითონ ამბობს: „მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“.
ასევე იმიტომ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მუცლადღება უნდა მომხდარიყო სულიწმიდისგან, სულიწმიდა მიდის მხოლოდ სიმდაბლესთან, უახლოვდება მდაბალ ადამიანს.
და თუ ადამიანს არ გააჩნია ეს სიმდაბლე, შეიძლება ითქვას, რომ იგი ქრისტიანადაც არ იწოდება, როგორც წერდა წმინდა პავლე მოციქული: „ვისაც ქრისტეს სული არ გააჩნია (ქრისტეს სულში სწორედ სიმდაბლე იგულისხმება), ის არც არის მისი“. ანუ ის არც არის ქრისტესი. ასეთი ადამიანი შეიძლება მონათლულიც იყოს, შეიძლება ეკლესიაშიც დადიოდეს, ლოცვებსაც კითხულობდეს, მკაცრადაც მარხულობდეს, წმინდა წერილსაც კითხულობდეს, მაგრამ არანაირი სარგებელი აქედან არ ექნება, თუ ეს ყველაფერი არ ეფუძნება სიმდაბლეს და სინანულს, რაც გულისხმობს ადამიანის გამოსწორებას, ცხოვრების წესის შეცვლას, სულიწმიდის მადლის მოზიდვას და მოხვეჭას, როგორც ნათქვამია წმინდა წერილში: „ღმერთი ამპარტავანს შემუსრავს, მდაბალსა მოსცის მადლი“.
აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ამიტომ დღევანდელი დღესასწაულით უფალი გვაჩვენებს ჩვენ, თუ სად არის ხსნა და გადარჩენა. დღევანდელ კონდაკში ასევე ნათქვამი იყო, რომ: ღვთისმშობლის შობით ადამი და ევა გათავისუფლდნენ ჯოჯოხეთისგან: „ხოლო ადამ და ევა ხრწნილებისგან და სიკუდილისა უხრწნელო, განთავისუფლდეს დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა“.
აი, აქ ადამსა და ევაში იგულისხმება მთელი კაცობრიობა, ვინაიდან ჩვენ მათი შთამომავლები ვართ და, ამრიგად, ეს დღესასწაული ყოფილა, როგორც ამბობს კონდაკის ტექსტი და როგორც წმინდა ეკლესია ასწავლის: გადარჩენის მომტანი კაცობრიობისთვის.
ამგვარად, ეს დღესასწაული, რომელიც იზეიმება საეკლესიო წელიწადის დასაწყისში, გვაჩვენებს ჩვენ იმ გზას, რომლითაც უნდა ვიაროთ. და ასე, მთელი წლის განმავლობაში, დღესასწაულიდან დღესასწაულამდე, ერთი სახარებისეული მოვლენიდან მეორემდე და ასე მთელი ცხოვრების განმავლობაში წმინდა ეკლესია მიგვიძღვის ჩვენ ღმერთის სასუფევლამდე, რომლის დამკვიდრებას ღირს გვყოს ჩვენ უფალმა ღმერთმა, ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ამინ!
მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს თვე, სექტემბერი, გახლავთ ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვე, ამასთან დაკავშირებით, წაგიკითხავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიმართვას:
ქრისტეს მიერ საყვარელო ჩვენო სულიერო შვილებო, გულითადად გილოცავთ მთელი ქრისტიანული სამყაროს გამორჩეულ დღესასწაულს, ღვთისმშობლის შობას. ეს არის დღე სიხარულისა, იმედისა და ღმერთთან დარღვეული მშვიდობის აღდგენის დასაწყისისა.
შევთხოვ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, დალოცოს ჩვენი ქვეყანა და თითოეული თქვენგანი. განსაკუთრებით კი ყველა ის მოზარდი, ვინც ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის, რადგან, როგორც ცნობილია, სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა.
დღეს წირვას ესწრებიან ბერი ანდრიას ფონდის შვილობილები; ისინიც, მართალია, ამ სენით არიან დაავადებულნი, მაგრამ იმედით უყურებენ მომავალს, რადგან მზრუნველთა ღვაწლით ღვთის სასოება აქვთ და იციან, რომ დაავადებულ ყმაწვილთა დიდმა ნაწილმა დაამარცხა სიმსივნე და გამოჯანმრთელდა.
იმედი და რწმენა ღვთისა მიემადლოს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ყველა მოზარდსა და მათი ოჯახის წევრებს, საერთოდ, განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ბოროტისგან დაიცვას და თვისი კალთა გადააფაროს სრულიად საქართველოს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
მრავალს დაესწარით.
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
21 სექტემბერი, 2023 წელი
ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/09/02
- 2024/05/22
- 2024/06/01
- 2024/08/02