მეუფე შიო: 'დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით'


საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღესასწაულს - საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს.

როგორც იცით, ჩვენმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა V საუკუნეში წმინდა კეთილმსახური მეფის, ვახტანგ გორგასლის დიდი ღვაწლით. ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რამაც განაპირობა შემდგომ მთელი ჩვენი სულიერი ცხოვრების და კულტურის განვითარება.

როგორც ამბობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ტაძრები, რომლებიც აშენდა საქართველოში, წიგნები, რომლებიც დაიწერა მას შემდეგ, მთელი ეროვნული კულტურა, რომელიც ეფუძნება ქრისტიანობას, არის შედეგი ავტოკეფალიისა და დღეს ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ასეთი დიდი წყალობა გვებოძა ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, მაგრამ XIX საუკუნის დასაწყისში, როდესაც რუსეთის იმპერიამ საქართველო შეიერთა და დავკარგეთ პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ამას მალე მოჰყვა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებაც და საეკლესიო დამოუკიდებლობის გაუქმებაც, რაც საეკლესიო სამართლის თვალსაზრისით, სრულიად უკანონო აქტი იყო. ეს უმძიმესი მდგომარეობა გაგრძელდა 100 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში.

მიუხედავად ამისა, გამოჩენილი ქართველი სასულიერო და საერო მოღვაწეები არ წყვეტდნენ ზრუნვას ჩვენი ავტოკეფალიის აღდგენისთვის.

XX საუკუნის დასაწყისში ჩვენმა სამღვდელოებამ გამართა განსაკუთრებული სხდომა, სადაც წამოჭრეს ავტოკეფალიის აღდგენის საკითხი და 1906 წელს ამ საკითხმა პეტერბურგში, სინოდის სხდომაზე გადაინაცვლა. მაგრამ, როგორც იცით, მიუხედავად ამ განხილვებისა, იმპერიის ხელისუფლება და საეკლესიო მმართველობა ყველანაირად ცდილობდა, არ დაეშვათ საქართველოში ავტოკეფალიის აღდგენა.

ეს მოვლენები ძალიან კარგად აისახა კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდე ოქროპირიძის წერილში რუსეთის პატრიარქ ტიხონისადმი. მინდა, დღეს წაგიკითხოთ ამონარიდი ამ შესანიშნავი წერილიდან, სადაც პატრიარქი ლეონიდე იხსენებს უკანასკნელი ეგზარქოსების პოზიციას ჩვენი ავტოკეფალიის აღდგენის თაობაზე. შეახსენებს პატრიარქ ტიხონს ამ მოვლენებს, იგი წერს: „ეგზარქოსი, მთავარეპისკოპოსი ნიკონი, ასე სწერდა 1908 წლის 20 იანვარს წმინდა სინოდის პირველ წევრს, მიტროპოლიტ ანტონს: „საქართველოს სამღვდელოებამ დაადგინა სემინარიებსა და სასულიერო სასწავლებლებში საღვთისმეტყველო საგნების სწავლება ქართულ ენაზე, მაგრამ ეს უპირობოდ დაუშვებელია... მათ ღვთისმეტყველებაში ქართულად ვარჯიშის უფლება რომ მიეცეს, მაშინ უფრო შორს უნდა წავიდეთ, რათა არ დავშორდეთ სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს და შესაძლებელი იქნებოდა... სემინარიას, როგორც ეროვნულ ენაზე მსწავლელს, ჩამოერთვას სახელმწიფო ხაზინის დახმარება და უფლებები, რომლებსაც ის ანიჭებდა თავის მოწაფეებს მანამ, სანამ სრულიად რუსული იყო. მაშინ ჩადენილის სინანულითა და შეწყალების ცრემლიანი ვედრებით ქართველები უარყოფენ თავიანთ ეროვნულ მისწრაფებებს და შეგვეხვეწებიან იმის დაბრუნებას, რაც ჰქონდათ. რა საჭიროა მათთან ლოლიავი?“ - ციტირებს პატრიარქი ლეონიდე ეგზარქოსის სიტყვებს და დასძენს: „განა შესაძლებელი იყო, სანატრელო ძმაო, გვქონოდა იმედი, რომ ამ სიტყვების ავტორი დადებითად გადაწყვეტდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური უფლებების აღდგენას?“

შემდეგ პატრიარქი ლეონიდე შემდგომი ეგზარქოსების, ინოკენტის, ალექსისა და პლატონის მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებასაც იხსენებს: „მთავარეპისკოპოს ნიკონის მემკვიდრემ, - წერს იგი, - მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ინოკენტიმ, როცა იმერეთის სამღვდელოების ყრილობამ მიულოცა ეგზარქოსად დანიშვნა და გამოთქვა იმედი, რომ იბერიის ეკლესიის საკითხი კეთილად გადაწყდებოდა, განაცხადა, რომ იგი... არ აღიარებს საქართველოს ეკლესიას. ასევე ეგზარქოს ინოკენტის მემკვიდრე, მთავარეპისკოპოსი ალექსი..., იმპერატორისადმი თავის მიმართვაში 1913 წლის 7 დეკემბერს ამბობს, რომ ქართველთა სურვილი, აღადგინონ საეკლესიო დამოუკიდებლობა, არის „ქართველ ავტოკეფალისტ ინტელიგენტთა ფანტასტიკური ბოდვა“, ხოლო მთავარეპისკოპოსმა პლატონმა ჩამოართვა საქართველოს სამღვდელოების ყრილობას შუამდგომლობა დიდი მთავრის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძის წინაშე ავტოკეფალიის აღდგენისათვის...“

აი, ეს წერილი შესანიშნავად ასახავს იმ დიდ წინააღმდეგობას, როგორ პირობებშიც უწევდათ ჩვენი ეკლესიის მესვეურებს ავტოკეფალიისთვის ბრძოლა. ეს გაგრძელდა 1917 წლის დასაწყისამდე, როდესაც რუსეთში მოხდა თებერვლის რევოლუციის მოვლენები. ამით ისარგებლეს ჩვენმა იერარქებმა და 12 მარტს ძველი სტილით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გამოაცხადეს ავტოკეფალიის აღდგენა. ეს იყო დიდი ზეიმი და დიდი სიხარული ჩვენს ქვეყანაში.

თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გამოვაცხადეთ აღდგენა ჩვენი ავტოკეფალიისა, მაგრამ ამას სჭირდებოდა კიდევ აღიარება ადგილობრივი ეკლესიებისგან, პირველ რიგში, მსოფლიო საპატრიარქოსგან. ეს დიდი და საშური საქმე ითავა უკვე კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, რომელმაც გააგრძელა ეს დიდი ბრძოლა ავტოკეფალიის მოპოვების საქმის საბოლოოდ დაგვირგვინებისთვის.

მოგეხსენებათ, 1990 წელს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, რომელიც გუშინ აღვნიშნეთ, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა დიმიტრიოს I-მა საქართველოს ეკლესიას გადმოსცა ჩვენი ისტორიული ავტოკეფალიის, უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის დამადასტურებელი და ჩვენი ეკლესიის საპატრიარქო ტიტულის ღირსების ცნობის და აღიარების ორი სიგელი.

ამ მოვლენებს აღვნიშნავთ ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს. გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ შესანიშნავ მოვლენას. ჩვენ დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დიდი საუნჯე, არამედ ჩვენი ეკლესია და ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდეს და გაძლიერდეს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს საქართველო, ამინ.

თბილისის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარი

25 მარტი, 2024 წელი

ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა

მსგავსი განცხადებები: