- 2023/02/15
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება მირქმის დღესასწაულზე
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ მირქმის დიდებულ დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
მართალ სვიმეონს ეუწყა ღვთისგან, რომ იგი არ მოკვდებოდა, სანამ არ იხილავდა ქრისტე მაცხოვარს, კაცობრიობის მხსნელს. და აი, როდესაც შობიდან მე-40 დღეს ყოვლადწმინდა ქალწულმა ღვთისმშობელმა მიიყვანა უფალი იესო ქრისტე, ჩვილი იესო ტაძარში დადგენილი წესისამებრ, სვიმეონმა იცნო იგი სულიწმიდის მადლით, იცნო მასში ქრისტე მაცხოვარი და წარმოთქვა ეს დიდებული სიტყვები, რომელსაც ჩვენ ყოველ მწუხრზე, ლოცვისას ვგალობთ, წარმოვთქვამთ: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისამებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი“. ე.ი. იგი ამბობს, რომ რახან ჩემი თვალით ვიხილე მაცხოვარი, მხსნელი სოფლისა, ამიერითგან მშვიდობით შემიძლია შევხვდე სიკვდილს.
ეს დღესასწაული არის, შეიძლება ასე ითქვას, შეხვედრების დღესასწაული - სვიმეონის შეხვედრისა იესო ქრისტესთან, ღმერთის შეხვედრისა ადამიანთან, ძველი აღთქმისა - ახალ აღთქმასთან და ასევე, ყოველი ჩვენგანის შეხვედრისა - იესო ქრისტესთან. რატომ? იმიტომ, რომ უფალმა ასე ინება, ეს მისი ნებაა, რომ ყოველ ჩვენგანს შეხვდეს. მან ეს ინება და ჩვენც მოგვცა ამის მადლი და შესაძლებლობა, შესაძლებლობა რისა? იმისა, რომ ჩვენც გავხდეთ ღვთის მიმრქმელები. ამიტომ მარტო სვიმეონი კი არ გახდა ღვთის მიმრქმელი, არამედ მრავალ ჩვენგანს შეუძლია, გახდეს მიმრქმელი ღვთისა, მიმღები უფლისა თავის სულში, როგორც ამბობს თავად უფალი იესო ქრისტე: ,,ვინც ჩემს სიტყვას დაიცავს, მამა ჩემი ზეციერი შეიყვარებს მას და ჩვენ მივალთ და დავივანებთ მასთან". იოანეს გამოცხადებაში ასევე ამბობს უფალი: ,,აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ და ვინც შეისმენს ჩემს ხმას და კარს გამიღებს, მე შევალ მასთან და ვივახშმებ, ხოლო - ის ჩემთან".
ამრიგად, იმისთვის, რომ ჩვენც გავხდეთ მიმრქმელნი ღვთისანი, მიმრქმელნი ქრისტესნი, საჭიროა, დავიცვათ ქრისტეს მცნებები, შევიყვაროთ იგი და არ დავხუროთ ჩვენი გულის კარი, როდესაც უფალი მოგვიწოდებს, გვიკაკუნებს, მას სურს ჩვენთან შემოსვლა და ეს შეიძლება სხვადასხვაგვარად მოხდეს - წმინდა წერილის სიტყვების მეშვეობით, შეგონების მეშვეობით, შეიძლება - განსაცდელის მეშვეობითაც კი გვიკაკუნებდეს და გვეძახდეს უფალი.
მაგრამ წმინდა სვიმეონი აი, ამ დიდ პატივს მიეახლა და მას ერგო ეს დიდი ღირსება, არამხოლოდ იმიტომ, რომ ფიზიკურად შეეხო მაცხოვარს და ხელში აიყვანა იგი, არამედ იმიტომ, რომ სვიმეონი თავის გულში დაატარებდა იესო ქრისტეს და მასთან ერთად - მამასა და სულსა წმიდასა. ეს კარგად ჩანს დღევანდელ სახარებაში; ლუკა მახარობელი ამბობს, რომ ის იყო კაცი მართალი, ღვთის მოშიში, რომელიც მოელოდა ისრაელის ნუგეშინისცემას, ანუ, მესიის მოვლინებას. რატომ? იმიტომ, რომ მარტო ფიზიკური შეხება სიწმინდისა არ არის ჯერ საკმარისი, თუ ადამიანს არ ექნება შინაგანი სარწმუნოება და სიყვარული.
ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც ვეცადოთ, მივისწრაფოდეთ ამ შეხვედრისკენ, იმიტომ, რომ ეს არის ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი; ვეცადოთ, მივისწრაფოდეთ ქრისტეს შეხვედრისკენ, ისე მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება, რომ ეს იყოს უმთავრესი მიზანი ჩვენი და გამოვავლინოთ მისდამი სიყვარული მცნებების დაცვით, მისი სიყვარულით, იმისთვის, რომ ჩვენც ვეღირსოთ ამ დიდ პატივს, გავხდეთ ღვთის მიმრქმელები და შევძლოთ ჩვენი გარდაცვალების ჟამს ჩვენც წარმოვთქვათ წმინდა სვიმეონის დიდებული სიტყვები: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, მშვიდობით“.
როდესაც შევხვდებით იესო ქრისტეს, მაშინ მოვესწროთ, გვაღირსოს უფალმა მისი მოსიყვარულე ხმის გაგონება: ,,მოვედით ჩემთან, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის გამზადებული დასაბამითგან სოფლისა", სასუფეველი ღვთისა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
15 თებერვალი, 2023 წელი
ელექტრონული ვერსია მოამზადეს თამარ ასათიანმა და ანზორ ჩიქობავამ
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/09/02
- 2024/05/22
- 2024/06/01
- 2024/08/02