მეუფე შიო: 'ეს იყო ქართველი ხალხის სულიერი შემართების, ერთობისა და სამშობლოსთვის თავდადების დიდი გამოვლინება'


საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდზე

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, პატიოსანო მამანო, ძმანო და დანო, დღეს განსაკუთრებული დღეა ყოველი ჩვენგანისთვის. ის დაკავშირებულია, ერთი მხრივ, დიდ მწუხარებასთან, ვინაიდან 9 აპრილს ამ ადგილზე განვითარებულ მოვლენებს შეეწირა ოცდაერთი ადამიანის სიცოცხლე, მაგრამ, მეორე მხრივ, დაკავშირებულია დიდ სიხარულთანაც, რადგან ეს იყო ქართველი ხალხის სულიერი შემართების, ერთობისა და სამშობლოსთვის თავდადების დიდი გამოვლინება.

სიხარული უკავშირდება ასევე იმას, რომ ამ დღიდან ზუსტად 2 წელიწადში საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

თქვენ გახსოვთ, მაშინ პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ მართალია, ჩვენ იურიდიულად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ნამდვილი გათავისუფლება ჯერ შორს არის. ამას სჭირდება დიდი შრომა, დარაზმულობა, ურთიერთსიყვარული და ურთიერთგატანა.

მართლაც ასე მოხდა. ამ მოვლენების შემდეგ ჩვენმა ხალხმა ძალიან მძიმე წლები გამოიარა. დღეს ვფიქრობთ, იმ ძნელბედობის ჟამს გვქონდა კი ჩვენ ეს თვისებები - დარაზმულობა, ურთიერთგატანა და ურთიერთსიყვარული?! პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ამ თვისებების ნაკლებობით ჩვენ ძალიან ვცოდავდით, რის გამოც ვიწვნიეთ ბევრი მწუხარება და განსაცდელი.

დღეს ვიხსენიებთ 9 აპრილის ღამეს დაღუპულ ჩვენს ძმებსა და დებს და ვევედრებით უფალს, რომ გაამრავლოს ჩვენში ერთობა, ურთიერთსიყვარული და თავდადება, ვინაიდან სწორედ ეს თვისებები იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და გამთლიანების დიდი საწინდარი.

ღმერთმა აცხონოს სულნი 9 აპრილს დაღუპულთა მონათა და მხევალთა ღვთისათა.

ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!

რუსთაველის გამზირი, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან

9 აპრილი, 2024 წელი

ელექტრონული ვერსია მოამზადა თამარ ასათიანმა

მსგავსი განცხადებები: