- 2023/07/16
15 ივლისს გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემატიკის შესახებ ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით სამეცნიერო დისპუტი გაიმართა.
გელათის აკადემიის შენობაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო მონასტერში არსებულ მდგომარეობას, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს. დარგის სპეციალისტებმა საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.
შეხვედრაზე განიხილეს გელათის ერთიანი გადახურვის პროექტი.
სამეცნიერო დისპუტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გელათის სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის საკითხებში ჩართულ მეცნიერებს ჩამოსვლისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა:
"დიდი მადლობა. ყოველმა გამომსვლელმა, ჩვენმა ყველა სტუმარმა ბრძანა, რომ მისთვის პატივია აქ ყოფნა. მინდა დავამატო და მოგახსენოთ, რომ ჩვენთვისაც პატივია თქვენი აქ ყოფნა და ამ დიდ საქმეში ჩართულობა, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით. ჩვენ გვწამს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საქმის წარმატება ღვთის შეწევნის გარეშე არ იქნება.
შეგვიძლია დავადასტუროთ ისიც, რომ დღეს რაც ხდება გელათში, ნამდვილად არის ღვთის წყალობა, იმიტომ რომ უფალმა ჩვენ მოგვცა ყველაფერი ამ საქმის წარმატებისთვის.
ეს არის უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა და მისი ხელმძღვანელობით ამ საქმის წარმართვა; ეს არის ბატონ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობა, სრული მხარდაჭერა და დახმარება; ეს არის უმაღლესი რანგის მეცნიერებისა და ექსპერტების მონაწილეობა ამ დიდ საქმეში - როგორც უცხოელი სპეციალისტების ასევე ჩვენი ქართველი სპეციალისტებისა, დიდი მონდომება ყოველი ჩვენგანისა, როგორც ბატონმა გერჰარდმა შესანიშნავად ბრძანა, არაჩვეულებრივი თბილი და მეგობრული გარემო, რომელიც ჩამოყალიბდა საბჭოს წევრებს შორის; ასევე საზოგადოების ჩართულობაც და მონაწილეობაც.
ასე რომ, ვიმეორებ, ყველაფერი ეს უფალმა იმისთვის გვიბოძა, რომ ეს საქმე კარგად წარიმართოს და დასრულდეს. გვწამს, რომ აუცილებლად ასეც მოხდება.
გვინდა დაგეთანხმოთ, თქვენ რაც ბრძანეთ, რომ კვლევები, ერთი მხრივ, ამოწურავს მრავალ საკითხს, მაგრამ, მეორე მხრივ, აუცილებლად აჩენს ახალ შეკითხვებს.
ინებოს უფალმა, რომ ჩვენ მოვესწროთ ამ დიდი საქმის კეთილად დასრულებას, გვეზეიმოს ეს ყველას ერთად და ასეთი ახალი შეკითხვა გაჩენილიყოს - სხვათა შორის, სხვებთან ერთად კიდევ რამე კარგი ხომ არ გავაკეთოთ საქართველოში?
დიდი მადლობა."
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/09/02
- 2024/05/22
- 2024/06/01
- 2024/08/02