- 2024/05/02
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ვნების კვირის ხუთშაბათს
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს.
დღეს ჩვენ ვზეიმობთ კაცობრიობის ისტორიაში და, საერთოდ, სამყაროში უდიდეს მოვლენას, ეს არის ჩვენი სარწმუნოების საიდუმლოთა საიდუმლოების, წმინდა ზიარების საიდუმლოების დადგინება, რომელიც ლიტურგიის დროს აღესრულება.
ამ ღვთისმსახურების დროს ღმერთს ვმადლობთ და სამადლობელ ლოცვებს წარმოვთქვამთ. სწორედ ამიტომ ამ მსახურებას ეწოდება ასევე „ევქარისტია“, რაც მადლიერებას ნიშნავს, მაგრამ ლიტურგიის არსი არ არის მხოლოდ და მხოლოდ მადლიერებაში. როდესაც წმინდა ეკლესია ლიტურგიას მსახურობს, მაშინ ის, სულიწმიდის მადლით, უერთდება იმ საიდუმლო სერობას, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ აღასრულა თავის მოწაფეებთან ერთად, როდესაც აკურთხა პური და ღვინო და ისინი თავის ჭეშმარიტ ხორცად და ჭეშმარიტ სისხლად გარდაქმნა.
ღმერთში არ არის დრო, არც სივრცე. ამიტომ ჩვენც, როდესაც ვმსახურობთ ევქარისტიას, გადავლახავთ დროსაც, სივრცესაც და, ვიმეორებ, სწორედ იმ საიდუმლო სერობის თანამონაწილენი ვხდებით. აქ სრულდება საოცარი სასწაული, რომელსაც წმინდა ეკლესია აღასრულებს უფალ იესო ქრისტეს მცნების მიხედვით. „ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა. მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი, მისატევებელად ცოდვათა. სვით ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი, მრავალთათვის დათხეული, მისატევებელად ცოდვათა“, - ბრძანა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ და ეს სასწაული მდგომარეობს იმაში, რომ ყოველი ჯეროვნად მაზიარებელი წმინდა სისხლისა და ხორცისა იღებს ამ მადლს, ვინც ცხოვრობს შესაბამისი ცხოვრებით.
წმინდა ეკლესია, კერძოდ, წმინდა იოანე დამასკელი და სხვა დიდი მამები გვასწავლიან, რომ ამ საიდუმლოებას ეწოდება ზიარება, იმიტომ რომ ჩვენ ვეზიარებით იესო ქრისტეს და ვხდებით წილმქონე მისი ღვთაებისა, მისი სხეულისა, მისი ხორცისა და მისი თანამესხეულენი ვხდებით. მეორე მხრივ, ერთი მეორესაც ვუერთდებით, იმიტომ რომ ერთი პურის წილმიმღებნი ვართ, ვხდებით რა, ქრისტეს სხეულის, მისი სისხლის თანაზიარნი, ერთი მეორის ასოებიც ვხდებით.
აი, ასეთი საოცარი სწავლებაა ჩვენი ეკლესიისა და არ არსებობს სხვა რამ მოვლენა, რაიმე სხვა წეს-განგება, რომელსაც ჰქონდეს ამაზე დიდი მნიშვნელობა, ვიდრე ის, რაც ხდება წმინდა ლიტურგიაზე, როდესაც მცირე რაოდენობის პური და ღვინო გარდაიქმნება ქრისტეს სისხლად და ხორცად.
აქ ადგილი აქვს განსაკუთრებულ საღვთო მოქმედებას, რომელიც ამ სამყაროზე გარდამოავლენს ღმერთის მადლს და ძალას, რომელიც ჩვენს გულებში შემოდის და მოქმედებს ყველაფერზე, რასაც ჩვენ ვეხებით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რაოდენ უმნიშვნელოც უნდა მოგვეჩვენოს ეს საქმე, თუნდაც ყოფითი საქმიანობის ჩათვლით.
როდესაც ადამიანი ჯეროვნად ეზიარება და სათანადო ცხოვრების წესით ცხოვრობს, ამ ყველაფრის მეშვეობით შემოდის სამყაროში ის დიდი ნათელი ძალა და მადლი ღვთისა, რომელსაც შეუძლია სამყაროს შეცვლაც, ფერისცვალებაც და განწმენდაც, მიუხედავად იმისა, იცის ეს სამყარომ თუ იცის.
აი, ასეთ დიდ დღესასწაულს ვზეიმობთ ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რადგან, მისი ღვაწლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსახურება და შედეგი არის სწორედ ევქარისტიული ცხოვრების აღორძინება საქართველოსა და ჩვენს ეკლესიაში.
ვეცადოთ, ხშირად ვეზიაროთ ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს და მთელი ჩვენი არსებით გავაცნობიეროთ, რა ხდება ტაძარში, როდესაც აღესრულება წმინდა ლიტურგია იმისთვის, რომ ჩვენ ღმერთისგან მომავალი ამ დიდი სიყვარულის ძალისგან მივიღოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ჩვენი სულის გადარჩენისთვის და მივაღწიოთ ისეთ სულიერ მდგომარეობას, რომ შევიგრძნოთ ის ერთობა ქრისტესთან, რომელზეც მან თქვა, როდესაც წმინდა ზიარების საიდუმლოზე საუბრობდა: „ვინც ჭამს ჩემს ხორცს და ვინც სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია და მე მასში“, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
2 მაისი, 2024 წელი
ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/09/02
- 2024/05/22
- 2024/06/01
- 2024/08/02
- 2024/11/23