- 2023/05/28
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება აღდგომიდან მეშვიდე, პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენების კვირას
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების ხსენება, რომელიც აღინიშნება ხოლმე სულთმოფენობის წინა კვირას. წმინდა მამების, რომლებმაც სიტყვიერად გამოხატეს ეკლესიის სწავლება ყოვლადწმინდა სამების შესახებ და ჩამოაყალიბეს ჩვენი სარწმუნოების სიმბოლოს პირველი ნახევარი, პირველი ნაწილი, სადაც განსაკუთრებით მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ძე ღმერთი ერთარსია მამა ღმერთისა. ეს წმინდა მამები იყვნენ გამორჩეული მღვდელმთავრები, რომლებიც თავის სხეულზე ატარებდნენ მოწამეობის ნიშნებს, იყვნენ აღმსარებლები და თავიანთი სისხლითა და ტანჯვით დაამოწმეს იესო ქრისტე და ჭეშმარიტება.
აი, ასეთი ადამიანების ხსენებას აღვასრულებთ ჩვენ დღეს.
როგორც გახსოვთ, მათ შორის იყვნენ წმინდა ათანასე დიდი ალექსანდრიელი, წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი საკვირველმოქმედი, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი და მრავალი სხვა.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სახარებიდან წაკითხული იყო მონაკვეთი, სადაც განსაკუთრებით ჩანს ერთობა მამა ღმერთისა და ძე ღმერთისა. ეს არის უფალ იესო ქრისტეს ბოლო ლოცვა მისი შეპყრობის და ჯვარცმის წინ მამა ღმერთისადმი, სადაც იგი ლოცულობს ჩვენთვის, მორწმუნეთათვის და ევედრება ზეციერ მამას, რომ მორწმუნენი ერთ იყვნენ, როგორც მამა ღმერთი და ძე ღმერთი ერთ არიან. ასევე ამბობს ასეთ სიტყვებს: „მამაო, ყოველივე, რაც ჩემია, შენია, და ყოველივე შენი არის ჩემი“. სხვა არასდროს არავის გამოუხატავს ასეთი ერთობა მამა ღმერთთან, როგორც ამ სიტყვებში არის გამოხატული. აქედან ჩანს, რომ ყოველივე, რაც არის ღვთისა, ყველაფერს უფალი გვაძლევს, უფალი იესო ქრისტე განკაცდა, ძე ღმერთი განკაცდა, იმისთვის, რომ ადამიანიც მადლით გახდეს ღმერთი და ყველაფერი ის, რაც აქვს ღმერთს, მადლით ჰქონდეს ადამიანსაც, არა ბუნებით, არამედ მადლით. და აი, ამ საოცარი ცხოვრებით იცხოვროს ადამიანმა და ეზიაროს საღვთო ბუნებას, ეზიაროს საღვთო ცხოვრებას.
ამ ლოცვაში ასევე ჩანს, თუ რა არის სულის გადარჩენა, რა არის მარადიული სიცოცხლე. უფალი იესო ქრისტე ასევე ამბობს ასეთ სიტყვებს: „საუკუნო სიცოცხლე არის ის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, რომელიც მოავლინე, იესო ქრისტეს“. მაშასადამე, სულის გადარჩენა და საუკუნო სიცოცხლე ყოფილა იესო ქრისტეს შეცნობა, მისი მცნებების შეცნობა, მისი სწავლების შეცნობა და იესო ქრისტეს შეცნობის მეშვეობით მამა ღმერთის შეცნობაც, სულიწმიდის შეცნობაც, იმიტომ რომ ეს არის სამგვამოვანი ერთარსება ღმერთი. ვინც შეიცნობს ძეს, ის შეიცნობს მამა ღმერთს და ასევე შეიცნობს სულიწმიდას, იმიტომ რომ უფალ იესო ქრისტეს შეცნობაც მხოლოდ სულიწმიდის მადლით არის შესაძლებელი.
და აი, ამ ლოცვიდან ჩანს, რომ სულიერი ცხოვრების მთავარი ამოცანაც სწორედ ამ შეცნობაში მდგომარეობს, ყოვლადწმინდა სამების შეცნობაში მდგომარეობს, რაც შეიძლება მხოლოდ სულიწმიდის მადლით მოხდეს. ვერც ერთ ადამიანს, რა თქმა უნდა, ვერ ძალუძს, აიძულოს სულიწმიდა, რომ მის სულში შემოვიდეს და მისი სული განწმინდოს, ამისთვის უფალმა დაგვიდგინა ჩვენ საშუალებები, რომ მივემთხვიოთ სულიწმიდას. ეს არის მცნებები, რომელთა შესრულებითაც ადამიანი ხვდება თავის უძლურებას, ადამიანი გულისხმაჰყოფს და ხვდება, რამდენად შორს არის ღვთისგან და ხვდება ყველაზე მთავარ რამეს ამ ცხოვრებაში, რომ გადამრჩენელი და მაცხოვარი ჩვენი არის უფალი იესო ქრისტე, რომ მის გარეშე სულის გადარჩენა შეუძლებელია. მაგრამ ადამიანმა რომ მიაღწიოს ამ სულის გადარჩენას, ამისთვის აუცილებელია, ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზე უყვარდეს და უნდოდეს სულის გადარჩენა, იმიტომ რომ რა უყვარს ადამიანს, რა უნდა ხოლმე ყველაზე მეტად, როგორც წესი? ამიტომ ბრძანებს უფალი იესო ქრისტე: „ვისაც დედა ან მამა უყვარს ჩემზე მეტად, ის არ არის ჩემი ღირსი, და ვისაც ძე ან ასული უყვარს ჩემზე მეტად, ის არ არის ჩემი ღირსი“. მაშასადამე, ღირსი ღვთისა ყოფილა მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად უყვარს იესო ქრისტე და ყველაზე მეტად სწადია მასთან ყოფნა. ასე ამბობს უფალი, განა იმიტომ, რომ ეს როგორმე იზომება და იწონება, არამედ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის პირობა, რომლის შემთხვევაშიც შესაძლებელია, ადამიანმა დაძლიოს ამ მიწიერი ცხოვრების საცდურები და თავისი ვნებები, იმისთვის, რომ ეს მთავარი მიმართულება მის ცხოვრებაში გახდეს სულის გადარჩენა და ღმერთთან დაახლოება.
აი, ასეთი საოცარი ლოცვაა ეს ლოცვა, რომელსაც ღვთისმეტყველები სამეუფეო ლოცვასაც უწოდებენ. ის სრულდება ასეთი სიტყვებით: „და გევედრები, მამაო, და ამისთვის ვიტყვი ამ სიტყვებს ამ სოფელში, რომ სიხარული ჩემი ჰქონდეს მათ სავსებით". ანუ ჩვენზე საუბრობს - მის მორწმუნეებს სიხარული ქრისტესი სავსებით ჰქონდეს.
აი, რას ითხოვს უფალი იესო ქრისტე, აი რა სურს მას, რომ ჩვენ გავიხაროთ. სწორედ ეს არის, ამის გამო, ამ მიზნით ხდება ყოველივე, რაც კი ხდება ჩვენს ცხოვრებაში. სწორედ ეს იყო ძე ღმერთის განკაცების მიზანიც, რომ ეს სიხარული ჩვენი სავსებით იყოს, და ასევე, ამასთან ერთად, ეს იყოს მარადიული სიხარული. როგორც ამბობს უფალი: „სიხარული ჩემი“, ანუ ქრისტეს სიხარული. ჩვენი სიხარული კი არის თავად უფალი იესო ქრისტე.
გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღეს. ღმერთმა მოგმადლოთ სრულყოფილი სიხარული და შეგვეწიონ ჩვენ ამაში პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამები, ასევე წმინდა მოციქულთა სწორნი, მეფე მირიანი და დედოფალი ნანა, რომელთა ხსენებასაც დღეს ჩვენ აღვასრულებთ. მათი ლოცვითა და ვედრებით, ინებოს უფალმა ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, გამთლიანება, და გაძლიერება, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
28 მაისი, 2023 წელი
ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/09/02
- 2024/05/22
- 2024/06/01
- 2024/08/02
- 2024/11/23