- 2024/10/08
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მისასალმებელი სიტყვა კონფერენციაზე „აფხაზეთი - ისტორია და თანამედროვეობა“
პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარევ, ბატონო მინისტრებო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მამებო, ქალბატონებო და ბატონებო, კონფერენციის მონაწილენო, მოგესალმებით ყველას, ვისაც გულთან ახლოს გაქვთ მიტანილი აფხაზეთი, მისი წარსული, აწმყო და მომავალი და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
დღევანდელი კონფერენციის თემა „აფხაზეთი - ისტორია და თანამედროვეობა“ მკაფიოდ გამოკვეთს ჩვენი ფიქრისა და მსჯელობის თვალსაწიერს. ჩვენ უნდა შევძლოთ და სიღრმისეულად წარმოვაჩინოთ აფხაზეთის ისტორია, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელსაც უდიდესი როლი მიუძღვის ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის და ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბების პროცესში. არაერთი უცხოური წყარო საქართველოს აფხაზეთად მოიხსენიებდა, ხოლო აფხაზებს - ქართველებად და ქართველს - აფხაზად.
უნდა გვახსოვდეს, რომ აფხაზეთი არამარტო ტერიტორია, არამედ ჩვენი ერის სულიერი მთლიანობის ერთ-ერთი ის აუცილებელი მდგენელია, რომლის გარეშეც ჩვენი საზოგადოების წინსვლა და ერთობა წარმოუდგენელია.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და მისი უწმინდესობისა უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მზრუნველობა, ლოცვა და შრომა აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად არასდროს განელებულა და სწორედ ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად განაპირობა ახალგაზრდების აფხაზეთისადმი სიყვარული და ინტერესი. საპატრიარქომ არაერთი პროექტი და აქტივობა განახორციელა ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ უფრო მეტი ნაბიჯია გადასადგმელი ხელისუფლებასთან ერთად იმ მიზნამდე, რასაც შერიგება და ურთიერთმიტევება ჰქვია. სიყვარული და მიტევება ჩვენთვის არა უბრალოდ სიტყვები, არამედ ის საღვთო სათნოებებია, რომელთაც ჭეშმარიტად მოაქვთ მადლი ღვთისა, მადლი სულისა წმინდისა, რომელსაც ნამდვილად ძალუძს მოიტანოს მშვიდობა და ჩვენ შორის კეთილგანწყობა.
ხშირად ვამბობთ, რომ აფხაზეთი ჩვენი ტკივილია. დიახ, ეს ასეცაა, მაგრამ ქრისტიანული აზროვნება სხვაგვარად გვთავაზობს ყოველგვარი პრობლემის აღქმას. ჩვენი რწმენით, ჯვარცმას და გოლგოთას ყოველთვის მოსდევს აღდგომა და ამაღლება; დიდ განსაცდელებს, თუკი ადამიანი გადაიტანს მართებულად, გონივრულად, სიბრძნით, ღვთის ნებით, მოსდევს დიდი სულიერი აღმავლობა და გამარჯვებები. ამიტომ ამ ტკივილთან დაკავშირებულია ჩვენი იმედიც. ეს არის იმედი იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ერთმანეთის ახლებურად დანახვას, ეს არის იმედი ურთიერთმიტევების, ეს არის იმედი იმისა, რომ ჩვენი დევნილები თავიანთ კუთხეში დაბრუნდებიან, ყველანი... ეს არის იმედი იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ ერთ სახელმწიფოში, ერთ ქვეყანაში თანაცხოვრებას სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით, უფლის ნებითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით.
კიდევ ერთხელ დავლოცავ ჩვენს დღევანდელ კონფერენციას, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებულ მუშაობას.
საქართველოს საპატრიარქო
8 ოქტომბერი, 2024 წელი
ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/09/02
- 2024/05/22
- 2024/06/01
- 2024/08/02