- 2022/08/25
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტეს მიერ საყვარელო მამებო, ძმებო და დებო, დღეს წაკითხულ სახარებაში მოთხრობილია, რომ ერთხელ უფალ იესო ქრისტეს ყვირილით გამოედევნება ორი ბრმა კაცი: „იესო, ძეო დავითისო, შემიწყალე ჩვენ!“ და აი, საკვირველია ეს სიტყვები მათი.
- ებრაელებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ სიტყვებს, ვინაიდან ვინ არის დავითის ძე?! - ეს არის მესია. და აი, მათ, მიუხედავად იმისა, რომ ბრმები იყვნენ, თავიანთი შინაგანი თვალით, შინაგანი ხედვით დაინახეს, რომ მათ წინაშე იმყოფება არა უბრალოდ მორიგი მოძღვარი, მკურნალი თუ წინასწარმეტყველი, არამედ - მესია. საოცარი ის არის, რომ თვალხილულმა ადამიანებმა ეს ვერ დაინახეს, აი, ამ ბრმებმა კი განჭვრიტეს და ხმამაღლა აღიარეს კიდეც, „ძეო დავითისო!“ - ასე მიმართეს უფალს.
- როგორ დაინახეს მათ ეს? ვიმეორებ, მათი შინაგანი ხედვით, შინაგანი მხედველობით. აი, ეს შინაგანი თვალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის. ამიტომაც მიაპყრო უფალმა იესო ქრისტემ მათ თავისი ყურადღება და უთხრა: „თქვენ გწამთ, რომ მე შემიძლია თქვენი განკურნება?“ ისინი უპასუხებენ: „დიახ, უფალო“. მაშინ უფალი იესო ქრისტე ხელით შეეხება მათ თვალებს და ეტყვის: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ თქვენ“, - ისინი იკურნებიან და თვალები ეხილებათ.
- ასეთი დიდი სასწაული აღასრულა უფალმა იესო ქრისტემ. შესაბამისად, მათ ფიზიკური სიბრმავე, შესაძლოა მრავალწლიანიც, დაეხმარა იმაში, რომ სულიერი თვალი აეხილათ და სულიერად იხილეს უფალი იესო ქრისტე, ცნეს იგი, შეიცნეს, როგორც მესია და ძე დავითისა. შესაბამისად, ეს ფიზიკური სნეულებაც აღარ იყო საჭირო. ამიტომ მათ უკვე ჯილდოს სახით მიიღეს ასევე ფიზიკური თვალის ახელაც და განკურნებაც. ეს სახარება გვიჩვენებს, რა დიდი მნიშვნელობა აქვს რწმენას ჩვენი კურნებისთვის, როგორც ამბობს უფალი, რომ „ყოველივე შესაძლებელი მორწმუნისთვის“.
- დღეს ჩვენ ვფიქრობთ, გვეხება თუ არა ჩვენ ეს სახარებისეული ეპიზოდი. ნამდვილად გვეხება, ვინაიდან, შეიძლება ითქვას, ჩვენც ვემსგავსებით ამ ბრმებს, მაგრამ ვემსგავსებით ჩვენი სულიერი სიბრმავით, ასევე ვემსგავსებით ჩვენი ფიზიკური თუ სულიერი სნეულებებით; ვემსგავსებით იმით, რომ ჩვენ ამ სნეულებათა გამო მათსავით ვევედრებით უფალს, რომ შეგვიმსუბუქოს, რომ განგვკურნოს, მათსავით ვიტანჯებით აი, ამ ჩვენი სულიერი და ფიზიკური სნეულებების გამო და ვევედრებით უფალს, დაგვიბრუნოს ჯანმრთელობა, დაგვიბრუნოს კიდევ ის, რაც უფრო მთავარია, - ცხოვრების სიხარული, რომელიც რატომღაც დაკარგული გვაქვს მრავალ ჩვენგანს. ასე ვევედრებით, ამით ვგავართ ჩვენ მათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვგავართ იმ დიდი რწმენით, რაც მათ ჰქონდათ - ქრისტეს რწმენით და იმ რწმენის ძალით, ამით ვერ ვემსგავსებით ჩვენ. ამიტომ ხშირად ჩვენი თხოვნები არ სრულდება; ამიტომ ხშირად ხომ არ არის, რომ განუკურნებელნი ვრჩებით ჩვენ?! - ამაზე გვაფიქრებს დღევანდელი სახარება.
- ამ სახარებისეულ ეპიზოდს მათე მახარებელი ასრულებს შემდეგი სიტყვებით: „იესო დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და უძლურებას“.
- და აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ გვმართებს, ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ უფალი იესო ქრისტე დღესაც ჩვენთან არის, დღესაც ახლოს არის ჩვენთან, იმავე მადლითა და იმავე საღვთო ძალით იგი სწყალობს და კურნავს ყველას, ვინც ნამდვილი, ცოცხალი რწმენით მიეახლება მას. დღესაც მოგვიწოდებს უფალი შემდეგი სიტყვებით: „ითხოვდეთ და მოგეცემათ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოს თქვენ, რამეთუ რომელი ითხოვდეს, მიღოს, რომელი ეძიებდეს, ჰპოვოს და რომელი ირეკდეს, განეღოს მას“. ასევე უფალი ამბობს, რომ „მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“.
- ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც ვირწმუნოთ მისი, როგორც ირწმუნა აი, ამ ორმა განკურნებულმა უსინათლომ და მივბაძოთ, მათსავით ვუერთგულოთ ქრისტეს სარწმუნოებას, მის სიყვარულს და ვადიდოთ ყოველსა ქვეყანასა ზედა ყოვლადპატიოსანი და დიდად შვენიერი საღვთო სახელი მისი თანა დაუსაბომოთ მამით და ყოვლადწმინდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩვენ ვლოცავთ შემდეგ გვარებს: ჯიხაიძეებსა და ქობულაძეებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგამრავლოთ.
ჩვენთან არს ღმერთი!“
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი
31 ივლისი, 2022 წელი
ელექტრონული ვერსია მოამზადა თამარ ასათიანმა
ფოტო: ნინო სოზაშვილი
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/09/02
- 2024/05/22
- 2024/06/01
- 2024/08/02
- 2024/11/23