გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება 'აი ფაქტი'-ს ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებული სტატიის პასუხად


გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი ფაქტი" -ს ჟურნალისტმა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით - როგორ იქცა გელათის რესტავრაცია "შეუსრულებელ მისიად". ჩვენ არ გვსურს განვიხილოთ ამ სტატიაში არსებული ის უმართებულო ტენდენციები, რომელიც მიმართულია დღეს მიმდინარე გელათის რეაბილიტაციის პროცესის მიმართ და რომელსაც მრავალი საერთაშორისო დონის ექსპერტი უპირობოდ დადებითად აფასებს.
 
ჩვენი მიზანია საზოგადოებას გავაგებინოთ სიმართლე და არ დავუშვათ ამ სიმართლის გამრუდება იმ ქმედების მიმართ, რომელიც მისმა უწმინდესობამ გელათის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე განახორციელა.
 
ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ ბატონ მერაბ ბუჩუკურის მიერ გაკეთებულ კომენტარზე და მოვიტანთ ამონარიდს ინტერვიუდან: "არ ვიცი, რა მოუყვნენ მის უწმინდესობას და რაზე დაითანხმეს, მაგრამ იმის დაშვებაც კი შეუძლებელია, რომ სრული რეალობა სცოდნოდა და ილია მეორეს იუნესკოსთვის მიეწერა წერილი… კარგად ვიცნობ, ამ სიტუაციაში არ ჩაერეოდა, იმიტომ რომ პატრიარქი კანონს პატივს სცემს. კანონში პირდაპირ წერია, რომ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების ნებართვის გაცემაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი, მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრე ეკლესიაა."
 
სამწუხაროდ ამ პატარა ამონარიდში, ძალიან ბევრი უკადრებელი შეცდომაა დაშვებული მისი უწმინდესობის მიმართ:
 
ა) ფაქტის აბსოლუტური დამახინჯება! ვინაიდან, მის უწმინდესობას არანაირი სამუშაოების ნებართვისთვის და მით უფრო, გელათის რეაბილიტაციის პროცესის საპატრიარქოზე გადმობარებისთვის, არ მიუმართავს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისთვის, არამედ, მისმა უწმინდესობამ, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს მიმართა თხოვნით, რომ, ვინაიდან გელათის მოხატულობათა კონსერვაციის მიმართ, იმჟამად მომუშავე ჯგუფსა და ქართველ და უცხოელ ექსპერტებს შორის არსებობდა აზრთა რადიკალური განსხვავებულობა, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს გამოეგზავნა მისია, რომელიც შეისწავლიდა აღნიშნულ საკითხს და როგორც უმაღლეს ორგანოს ამ სფეროში, განეხორციელებინა ობიექტური გამოძიება და მოეცა კომპეტენტური დასკვნა. ამის დამადასტურებლად დანართის სახით წარმოგიდგენთ აღნიშნულ წერილს და მკითხველი დარწმუნდება, რომ ამ წერილში სამუშაოებზე ნებართვის მოთხოვნასა და საპატრიარქოზე რეაბილიტაციის პროცესის გადმობარებაზე არა თუ საუბარი, არამედ მინიშნებაც კი არსად ჩანს.
 
ბ) სამწუხაროდ, ბატონი მერაბი (გვსურს დავიჯეროთ, რომ მისდა უნებურად) ავითარებს აზრს, რომ თითქოს მის უწმინდესობაზე განხორციელდა ინფორმაციული მანიპულირება და “დაითანხმეს” არასწორ ქმედებაზე, ანუ საუბარია უკიდურეს უზნეობაზე. დიახ, სამწუხაროდ, სწორედ ამას აჯერებენ ეკლესიის არაკეთილმოსურნენი საზოგადოებას, რომ თითქოს მისი უწმინდესობა, მისი მამამთავრული სიბრძნით ვეღარ მართავს ეკლესიას და ამით აბნევენ ჭეშმარიტებასა და სიმართლეში.
 
გ) ბატონი მერაბი ამბობს: "კარგად ვიცნობ,(საუბარია მის უწმინდესობაზე) ამ სიტუაციაში არ ჩაერეოდა, იმიტომ რომ პატრიარქი კანონს პატივს სცემს." დიახ, უწმინდესი მართლაც პატივს სცემს კანონს და ზუსტად კანონის დაცვით, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, მიმართა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს - UNESCO -ს, გელათის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
 
ასეთი არაკორექტულობა პატრიარქის მიმართ, სხვა პირთაგან განსხვავებით, უფრო მეტად სამწუხაროა, რადგან ბატონი მერაბ ბუჩუკური მჭიდროდ დაკავშირებულია საეკლესიო ცხოვრებასთან.

მსგავსი განცხადებები: