- 2023/06/15
როგორც ცნობილია, 2021 წლის 11 თებერვალს გამართულმა სხდომაზე საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განიხილა საკითხი პოლიტიკურ ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილ „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლების“ საქმიანობის შესახებ და განაცხადა, რომ აღნიშნულ რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ პირებს (განურჩევლად სქესისა) მათი „ეპისკოპოსთა კრება“ ანიჭებს „სასულიერო პირის“ წოდებას და აძლევს დამადასტურებელ მოწმობას. ამ მოწმობას ითვალისწინებს სახელმწიფო და მის საფუძველზე წვევამდელებს ათავისუფლებს ჯარიდან.
აღნიშნულის საფუძველზე წმინდა სინოდმა განაჩინა:
,,საეკლესიო სწავლებით მღვდლობა წარმოადგენს ერთ-ერთ საიდუმლოს. სასულიერო პირად ხელდასხმის საიდუმლო სრულდება საღმრთო ლიტურგიის დროს შესაბამისი ასაკის, სქესისა და მომზადების მქონე პირზე ეკლესიაში კანონიერად დადგენილი ეპისკოპოსის მიერ. სხვა სახით სამღვდელო პატივის მინიჭების ლეგიტიმურობას კი მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს.
ასეთ რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანება და „სასულიერო პირად“ გახდომა არის ნებაყოფლობითი დატოვება მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღისა, თუნდაც ეს მათ მიერ ფორმალურ ქმედებად იქნეს მიჩნეული.
სპეკულაციები რელიგიურად დატვირთული ცნებებით არის მკრეხელობა და „ბიბლიური თავისუფლების“ „ეპისკოპოსთა კრების გადაწყვეტილებით“ „დადგენილ“ „სასულიერო პირებს“ მართლმადიდებლური ეკლესია მიიჩნევს თვითმარქვიად, ხოლო მათ ქმედებას - საეკლესიო სწავლებისა და მსახურების შეურაცხყოფად.“
ამის პარალელურად, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ არსებობს კიდევ ერთი ამგვარი შინაარსის რელიგიური ორგანიზაცია, სახელწოდებით: ,,საერთაშორისო ლაზურ-ხალიბური კატაკომბური ეკლესია (თემი)“, რომელიც ,,ბიბლიური თავისუფლების“ მსგავსად იქ მისულ წვევამდელებს ანიჭებს სასულიერო პირის წოდებას, რის საფუძველზეც წვევამდელები ასევე თავისუფლდებიან ჯარიდან. ამასთან, აღნიშნული ორგანიზაცია საზოგადოების თვალში ასოცირებულია საქართველოს საპატრიარქოსთან.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნებისმიერ სხვა რელიგიურ ორგანიზაციაში სამღვდელო პატივის მინიჭების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/28
- 2022/11/04
- 2022/11/10
- 2022/12/31
- 2023/02/01
- 2023/03/30
- 2023/07/16
- 2023/10/10
- 2023/11/02
- 2024/02/03
- 2024/02/22
- 2024/04/11
- 2024/04/23
- 2024/04/26
- 2024/05/11
- 2024/05/13
- 2024/05/15
- 2024/05/15
- 2024/07/16
- 2024/08/16