საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინტერვიუ მასმედიის წარმომადგენლებთან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით


პირველ რიგში, გილოცავთ პეტრეპავლობას, მთელ საქართველოსი ვულოცავ და ვთხოვთ უფალს, მადლი მოციქულებისა შეგვეწიოს და გაგვაძლიეროს ქრისტიანობაში, ღვთის სიყვარულში, ამ გზაზე სვლაში.

მამა ანდრია, რაც შეეხება გამოძიებას, ვინ არის გამოკითხული? თუ არის დაზუსტებული მუხლი, რომლითაც მიმდინარეობს გამოძიება?

მუხლებში ვერ ვერკვევი, უბრალოდ, იქ იყო ნათქვამი, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობით აღიძვრება საქმე და ამ მიმართულებით იქნება გამოძიება. ჯერ გამოკითხული ვარ მხოლოდ მე.

თქვენ რა ინფორმაცია მიაწოდეთ, თუ შეიძლება, რომ გვითხრათ.

ძალიან ზოგადი, რაც საჯაროდ მაქვს ნათქვამი, დაახლოებით იმის შესახებ ვისაუბრე.

საპატრიარქოში თუ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, ნიმუშები თუ აიღეს გამომძიებლებმა?

ჯერ არა, მალე ჩატარდება.

არის თუ არა მზად მეუფე შიო, ინფორმაცია მიაწოდოს გამომძიებლებს და ითანამშრომლოს მათთან?

დიახ, რა თქმა უნდა.

მამა ანდრია, სრულად რომ გვითხრათ, მაგალითად, თუ იყვნენ მოსული სამების ტაძარში სამართალდამცველები, თუ ჩაატარეს გამოძიება?

გამოძიების ფარგლებში არ ყოფილან, ისე, როდესაც ჩვენ კერძოდ გვინდოდა გარკვეული ანალიზი გაგვეკეთებინა, მაშინ გვყავდა ექსპერტები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც იყო ჩართული, ანზორ ჩუბინიძეც იყო მოსული?

დიახ, თანდათან ვაყენებდით საქმის კურსში.

მამაო, თუ ჩამოვიდა ანალიზის პასუხები?

ველოდებით, ახლა კიდევ არის ანალიზი აღებული და ქვეყანა არ ვიცი, სავარაუდოდ, გერმანია.

დავაზუსტებ, თქვენ ახსენეთ მძიმე მეტალები, რომელ მძიმე მეტალებზეა საუბარი, დოზაზე გადაჭარბებული იყო?

გადაჭარბებული იყო, მე არ დავასახელებ, ჯერ არ ვიცი, სწორად მოვიქცევი თუ არა, რომ დავასახელო. გადაჭარბებული იყო რამდენჯერმე.

მოწამვლაზე ეჭვები კვლავ რჩება ძალაში?

რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული. ისევ ვსაუბრობთ ამ ტონალობაში, რომ შესაძლოა, საბოლოოდ დადგინდეს, რომ იყო რაღაცა ყოფითი შემთხვევა. თუმცა რაც ხდება და რა თანმიმდევრობითაც ხდება, შესაძლო არის… ყოველ შემთხვევაში, არ უნდა გამოირიცხოს ჩარევაც.

შეგიძლიათ, უფრო დაგვიდასტუროთ, მაგალითად, საქართველოში რაღაც გარკვეული ძალების ჩარევა ან ქვეყნის გარეთ ჩარევა, გარე ჩარევაში რას გულისხმობთ?

ვერ გეტყვით, არაყოფითი შემთხვევაა. ამას ვგულისხმობ გარე ჩარევაში და დანარჩენს როგორ დავადასტურებ, სანამ გამოძიება არ დასრულდება?!

რუსეთის საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომ აკვირდება საგამოძიებო პროცესებს. თუ არის თქვენთვის ცნობილი და დაგიკავშირდნენ თუ არა თქვენ რუსეთის საპატრიარქოდან?

არა, არ დაგვკავშირებიან.

რუსეთის საპატრიარქოში ასევე გაკეთდა განცხადება, რომ მხარდაჭერა გამოუცხადეს მეუფე შიოს და ძალიან შეშფოთებული არიან მომხდარი ფაქტით. თქვენ, საპატრიარქოს, თუ შეგეხმიანათ, თუ დაინტერესდა რუსეთის საპატრიარქო ამ დეტალებით?

არა, არ ყოფილა მსგავსი არაფერი.

ახლა როგორ გრძნობს თავს მეუფე შიო, შეგიძლიათ რომ გვითხრათ?

დღეს ჩაატარა წირვა. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რომ სრულიად შრომისუნარიანია და შეზღუდული არ არის არც მსახურებაში და არც საზოგადოებასთან ურთიერთობაში. დღეს ვნახეთ ეს.

როგორ გახდა ცნობილი, რომ მეუფე მოწამლული იყო? რატომ მიიტანეთ ეჭვი მოწამვლაზე?

იცით რა, როდესაც გრძელდება სისუსტის პერიოდი და გიწევს გამორიცხვის მეთოდით რაღაცების კეთება, ალბათ ერთ-ერთი ეტაპი არის ამაზე ანალიზიც და ეს შეიძლება ნებისმიერმა ჩვენგანმა დროთა განმავლობაში გავიკეთოთ, ისედაც რეკომენდებულია.

საპატრიარქოს დამლაგებლის გარდაცვალების ფაქტს ხომ არ უკავშირებთ ამ მოწამვლას?

ვერ ვუკავშირებთ, რა თქმა უნდა, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.

დასრულდა რუსუდან მაისურაძის ექსპერტიზა?

არა, რამდენიმე კვირა სჭირდება, მგონი, საბოლოო ექსპერტიზას.

გამოძიება თუ სწავლობს რაიმე კავშირებს მეუფის შესაძლო მოწამვლასა და მის გარდაცვალებას შორის?

ჯერ გუშინ გვქონდა პირველად შეხვედრა გამოძიებასთან და რა მიმართულებით გააგრძელებენ არ ვიცი, ალბათ ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.

საპატრიარქოში იყო გამოძიება მოსული?

დიახ, იქ შევხვდით.

შორენა თეთრუაშვილით თუ დაინტერესდება გამოძიება? ვინაიდან წამოიჭრა მისი სახელი და გვარი ცნობილ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა იგეგმებოდა, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ შორენა თეთრუაშვილზე იყო საუბარი და არ არის გასაკვირი მეტ-ნაკლებად...

არა, აი მე მიკვირს, რატომ არის... ვინ წამოჭრა ისევ... ჰო, მაგრამ ისევ... გასაგებია მაგრამ, იცით, რა, იმხელა შეკითხვა დასვით, არა მგონია ახლა ეს ჩაეტიოს თქვენ... გასაგებია, მაგრამ მაშინ სულ სხვა კონტექსტში იყო, ხომ? ქალბატონი შორენა იყო დაზარალებული და ახლა ძალიან მიკვირს, რატომ სვამთ ამ შეკითხვას განსაკუთრებით, შორენაზე მეტს არავის იცნობთ საპატრიარქოში? სხვა ვიღაც ხომ შეიძლება დაასახელოთ კიდევ? მეც კი.

თქვენც მაგალითად, მეუფის ახლო გარემოცვა ხართ და მაგიტომ გკითხეთ.

ჰო, კი, მაგრამ აი, რაღაც საკვირველი არაფერი არ არის ამაში, საფუძველი არანაირი არ არის ამაში.

მამა ანდრია, შეიძლება იყოს რაღაცა შიდა გავლენებისა და შიდა ძალების დაპირისპირების მიზეზიც ეს ყველაფერი?

იცით რა, ახლა ჩვენ მოვისმენთ ალბათ მრავალ ვერსიას, მრავალ ჭორს და ვარაუდს. სინამდვილეში ამის რაღაც საფუძველი ალბათ არასდროს იარსებებს. ძნელია ამისი თქმა. ერთი რამე მინდა გითხრათ, რაც შეიმჩნევა, არის ის, რომ მედიასაშუალება თუ ცალკეული ჟურნალისტები თითქოს ცდილობენ, შიგნით მოხდეს რაღაცა ერთმანეთთან დაპირისპირება და უნდობლობა თვითონ იმ ახლო წრეში, რომელიც მეუფესთან არის დაკავშირებული. ტყუილი მცდელობა არის ახლა, ასეთ ტენდენციას ვხედავთ, რომ ვიღაცები ცდილობენ, ეს დისონანსი შეიტანონ, რაც ფუჭია, არაფერი სასარგებლო შედეგი ამას არ მოჰყვება.

რუსუდან მაისურაძეზე რომ დავასრულოთ, ცოტა გაურკვეველი დარჩა, როდის გახდა ეს ქალი შეუძლოდ, რა შეგიძლიათ გვითხრათ, მეტ-ნაკლებად გააჩინა თუ არა კითხვის ნიშნები რუსუდან მაისურაძის გარდაცვალებამ მეუფე შიოსთან დაკავშირებით?

როგორც დავიწყე საუბარი, ისევ იმ კონტექსტში გავაგრძელებ, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა ახლა რომ ვამტკიცოთ ხელმოსაკიდი რომელიმე ვერსია, არც ამის საშუალებაა. აი, ამით შემოვიფარგლოთ. ჯერ გამოძიება ახალი დაწყებულია და ვნახოთ, სად მივალთ. დრო და დრო თუ რამე გამოიკვეთება ხოლმე, მზად ვიქნები, ჩაგაყენოთ საქმის კურსში.

დღეს არის 12 ივლისი. როდის დაიწყო პირველად? ივნისის დასაწყისში გახდა შეუძლოდ. ერთი თვის წინ მოხდა, რამდენადაც ვიცით, ეს ყველაფერი და შეუძლოდ იყო.

მაისიდან დავიწყეთ კვლევა. აქ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ არ მოგვინდომებია ამ ამბის გარეთ გამოტანა. კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა: ვინც ეს ამბავი გარეთ გამოიტანა, არ ვიცი, განზრახ, ნებსით თუ უნებლიეთ, რეალურად კვლევის პროცესი დააზიანა, იმიტომ რომ ჯობდა სხვაგვარად დაკვირვება, აქ თუ იქნებოდა რაიმე მკაფიო კვალი, შეგვემჩნია. თუ რაღაცა მსგავსი ვერსია განვითარდა, რომ ჩარევით ხდება, რა თქმა უნდა, ასეთი საჯარო განხილვები ამ პროცესს აზარალებს, არ არგებს.

12.07.2023

მსგავსი განცხადებები: