26 აგვისტოს, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მღვდელმთავრად კურთხევის 60 წელი უსრულდება


ახალი სტილით 26 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, სხვა წმინდანებთან ერთად, დღესასწაულობს ღირსი მაქსიმე აღმსარებლის ხსენებას.

წმინდა მაქსიმე (580-662წწ) ცნობილი და გამორჩეულია დაუცხრომელი ქადაგებით, ჭეშმარიტი სწავლების მტკიცე დაცვით, ასკეტური და მოწამეობრივი ცხოვრებით...

მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ მებრძოლი ღირსი მამა იმპერატორ კონსტანს II-ის ბრძანებით ორ მოწაფესთან ერთად საშინლად აწამეს: სამივეს ენა ამოაჭრეს, მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს და დასავლეთ საქართველოში გადმოასახლეს.

აქ სასწაული აღესრულა: მოწამეებს ლაპარაკისა და წერის უნარი დაუბრუნდათ და მოღვაწეობაც განაგრძეს. გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე წმიდა მაქსიმემ იწინასწარმეტყველა თავისი აღსასრული და მშვიდობით მიიცვალა 662 წლის 13 (26) აგვისტოს.

მსოფლიო ეკლესიის გამორჩეული წმინდანი განისვენებს ცაგერში, მისსავე სახელზე აგებულ მონასტერში. ამიტომაც, ცაგერსა და სრულიად საქართველოში ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნება.

ღირსი მაქსიმეს ლოცვა და მეოხება ეწეოდეს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიას, ჩვენს ხალხს და მსოფლიოს.

აღსანიშნავია, რომ 1963 წლის 26 აგვისტოს, ღირსი მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის მიერ არქიმანდრიტი ილია (შიოლაშვილი) ხელდასხმულ იქნა შემოქმედელ ეპისკოპოსად. ამდენად, წელს სრულდება 60 წელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ეპისკოპოსად კურთხევიდან.

იგი არის მართლმადიდებელი ეკლესიის ქიროტონიით უხუცესი პატრიარქი, უხუცესი მღვდელმთავარი, უხუცესი არქიმანდრიტი, მღვდელმონოზონი და ბერი.

დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ მას ამ საიუბილეო თარიღს და შევთხოვთ ღმერთს, კვლავაც მომადლოს სიბრძნე, დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩვენს რთულ დროში საქართველოს გადასარჩენად.

მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ, ჩვენო დამაშვრალო პატრიარქო!

25.08.2023

მსგავსი განცხადებები: