საპატრიარქოს დღის ცენტრ 'ახალგაზრდულ სახლში' წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა


ა.წ. 19 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს დღის ცენტრ ,,ახალგაზრდულ სახლში“ წლის შემაჯამებელი საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ღონისძიებაზე დღის ცენტრის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი იყო მინის, კერაკიმის, ხის ნაკეთობები, ასევე სამკაულები და აქსესუარები.

პროექტის მონაწილეები 10 თვის განმავლობაში ეუფლებოდნენ ხელსაქმესა და სხვადასხვა პროფესიას: მინის მხატვრულ დამუშავებას, კერამიკის ხელოვნებას, სადურგლო საქმეს, ფერწერას, კულინარიას, კერვას. მათ, ასევე, ჰქონდათ შესაძლებლობა, ესწავლათ უცხო ენები (ინგლისური და გერმანული) და გაეუმჯობესებინათ კომპიუტერული უნარ-ჩვევები.

მოზარდების ნამუშევრებმა დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.

,,ახალგაზრდული სახლის“ აღმზრდელები და ხელმძღვანელები, პროექტის მონაწილეები და განმახორციელებლები ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე), - საპატრიარქოს სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა დალოცა, შემდგომი წინსვლა და წარმატებები უსურვა და საჩუქრად დაურიგა წიგნები, ჯვრები და ხატები.

წელს სასწავლო კურსი წარმატებით გაიარა 20-მა მოსწავლემ. მათ შესაბამისი სიგელები გადაეცათ.

,,ახალგაზრდული სახლი“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა და წლებია აერთიანებს 16-24 წლამდე მოზარდებს, რომლებმაც დატოვეს სახელმწიფო ზრუნვის სახლები. აღნიშნული ცენტრის დახმარებით ახალგაზრდებს უადვილდებათ საზოგადოებასთან ინტეგრაცია, პროფესიის არჩევა, დასაქმება და დამოუკიდებელი ცხოვრების პირველი ნაბიჯების გადადგმა.

პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი განათლების სამინისტროს, ორგანიზაცია ,,ცხოვრების შანსს", World Vision-ს და სხვადასხვა კომპანიას.

დღის ცენტრი ფუნქციონირებს თბილისში, ჩიქოვანის ქუჩა N14-ში.

მსგავსი განცხადებები: