- 2023/08/19
აღნიშნული პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით შედგა, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და თავდაცვის ძალების პოპულარიზაცია.
ამასთან დაკავშირებით, 2023 წლის 18 აგვისტოს, კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ბანაკის დახურვის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აგრეთვე ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და ამავე სამსახურის წარმომადგენელი, დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი.
სამწყობრო მოედანზე შეკრებილ ბავშვებს თავდაცვის და განათლებისა და მეცნიერების მინისტრების მოადგილეები, გრიგოლ გიორგაძე და თამარ მახარაშვილი მიესალმნენ. მათ ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, საქართველოს ისტორიისა და ქართველი გმირების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, აგრეთვე მადლობა გადაუხადეს საქართველოს საპატრიარქოს და კერძოდ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ამ პროექტის იდეისა და ამ იდეის განხორციელებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის.
პროექტი 8 ნაკადად ჩატარდა და მასში 800 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. იგეგმება, რომ მომავალ წელს ეს რაოდენობა სამჯერ გაიზარდოს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მომავალი პროექტის განხორციელებაშიც აქტიურად იქნება ჩართული.
ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მსგავსი განცხადებები:
- 2022/09/02
- 2022/09/02
- 2023/08/19
- 2024/01/15