- 2024/01/20
"ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით თვალში საცემია, რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნის პარალელურად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმა. საკმაოდ მყარად იქმნება აღქმა, რომ ეს შეტევა, რომელიც დღემდე გრძელდება, წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებულია.
დეზინფორმაციის, მანიპულაციის და ისტერიის ის ნაზავი, რომელიც საზოგადოებამ ეკლესიაზე და მის მრევლზე თავდასხმისას იხილა, გაცდა ეკლესიაზე აქამდე ნანახი შეტევების მასშტაბს და მიუახლოვდა იმ საშიშ ზღვარს, რომლის მიღმაც სამოქალაქო მშვიდობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეიძლება იყოს.
პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გავხდით ეკლესიაში ხატის შეურაცხყოფის მოწმე. პირველად, საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ, მართლმადიდებელი მრევლი გახდა შევიწროების ობიექტი შობის აღნიშვნის გამო.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ამ შეტევაში აქტიურად მონაწილეობენ ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. უფრო მეტიც, სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ ხატთან დაკავშირებული ისტერია სწორედ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის „სოვლაბის“ წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა გააჩაღა, რომელიც შეთავსებით საქართველოს ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით გამორჩეული პარტია „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრიც არის.
თავად ეს ფაქტიც, ყველაზე თვალსაჩინო დიაგნოზია იმ პრობლემისა, რომელიც ქართულ არასამთვრობო სექტორში გვაქვს - ე.წ. ენჯეო-სექტორი თითქმის სრულად არის დომინირებული პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც უცხოური დაფინანსებით პარტიულ პროპაგანდას ეწევიან.
კიდევ უფრო ცინიკური იყო ის ფაქტი, რომ ამ კამპანიის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილია. ადამიანი, რომელიც რელიგიურ შემწყნარებლობის იდეას უნდა ავრცელებდეს, თავად გახდა რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის სულის ჩამდგმელი. ამასთან, ის ზოგადად გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით. გაგაცნობთ მის რამდენიმე საჯარო განცხადებას, რომელიც სრულად წარმოაჩენს თუ როგორ არ ესმის მას ტოლერანტობის არც იდეა და არც სულისკვეთება:
„ეს პატრიარქი და სამღვდელოება მოხსენით ერთხელ და სამუდამოდ დღის წესრიგიდან, - დაანებეთ ამ ჯაშუშების ბუნაგს თავი.“
„ჩვენი ეკლესიის უკიდურეს დეგრადაციაზე მეტყველებს, რომ ჩვენ რუსული სტალინისტური პრავოსლავიეს მარგინალური ჯურღმული ვართ და არა საქართველოს სამოციქულო ეკლესია.“
„სქიზმატური ატომური რუსული ფაშისტური პრავოსლავიე და მისი უბედური სატელიტები - შვიდში აღნიშნავენ რაღაც ანტიდასავლურ სიბრიყვეს, ხუშტურსა და ბოღმას, ხოლო საქართველოში, დამატებით, იესოს ბაგაში შობის ნაცვლად, დღეს ილია მეორის ტახტზე ასვლას ზეიმობს ეკლესია.“
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მოხსენიება „ჯაშუშად“, ეკლესიის - „დეგრადირებულად“ და შობის, საერო კალენდრით, 7 იანვარს აღნიშვნისთვის „ანტიდასავლური სიბრიყვის“ წოდება, არის სწორედ რელიგიური შეუწყნარებლობა, მტრული რიტორიკა და სიძულვილის ენა, ანუ ის, რასაც ე.წ. „ტოლერანტობის ცენტრი“ წესით უნდა ებრძოდეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით მე მივმართე სახალხო დამცველს, საკითხში გარკვევის თხოვნით. საზოგადოებამ მოისმინა მისი საჯარო განმარტება. როგორც აღმოჩნდა ე.წ. „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი“ სულაც არ ყოფილა „სახალხო დამცველთან არსებული“ რაიმე ცენტრი თუ სტრუქტურული ერთეული, არამედ არის ცალკე არსებული დამოუკიდებელი პროექტი, რაც თავის მხრივ პრობლემურია, ვინაიდან სახეზეა კონსტიტუციური ორგანოს სახელწოდების იმგვარად მითვისება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მოქალაქეები და ენჯეოს სახელმწიფო ინსტიტუტად წარმოაჩენს.
რაც შეეხება ამ ე.წ. ცენტრის დაფინანსებას. როგორც ირკვევა, ის ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთ-ერთი პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში. მე ძალიან ვწუხვარ, რომ, უკვე მერამდენედ, USAID ექცევა მისი სახელით დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრში. აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რელიგიური შეუწყანარებლობით და რელიგიური ისტერიის გაღვივებით, ახერხებს ამერიკული დაფინანსების მიღებას და თანაც იმ საქმისთვის, რომლის აბსოლუტურად საპირისპიროდაც თავად მოქმედებს.
საქართველოს ეკლესიის და მისი მრევლის წინააღმდეგ საქმიანობის ხელშეწყობა ქართველი ხალხის ინტერესს რომ არ პასუხობს, ეს თავისთავად ცხადია, თუმცა მე, ამავე დროს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობის დაფინანსება არც ამერიკელი ხალხის ინტერესშია. ამიტომ, ჩემი მოლოდინია, რომ USAID-ის ხელმძღვანელობა მალე გაერკვევა ამ საკითხში და იმოქმედებს ამერიკელი და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესში.
საზოგადოება უკვე მერამდენედ დარწმუნდა, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე კანონმდებლობის არარსებობის პირობებში, მსგავსი ფაქტები საზოგადოებისთვის მხოლოდ პერიოდულად და შემთხვევით ხდება ცნობილი. არადა ზიანი, რომელიც ასეთი საქმიანობით ქართულ საზოგადოებას შეიძლება მიადგეს, შესაძლოა გამოუსწორებელი იყოს."
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
20.01.2024
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/26
- 2022/11/13
- 2022/11/29
- 2022/12/04
- 2022/12/07
- 2023/01/19
- 2023/02/09
- 2023/02/14
- 2023/04/02
- 2023/05/17
- 2023/05/24
- 2023/06/03
- 2023/08/12
- 2023/11/02
- 2023/11/05
- 2023/11/24
- 2023/11/24
- 2024/01/24
- 2024/02/18
- 2024/05/05
- 2024/08/01
- 2024/09/02
- 2024/09/23
- 2024/10/14
- 2024/10/26