- 2023/05/04
2023 წლის 4 მაისს, ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, გაიმართა მეორე მსოფლიო ომის დროს აღსრულებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება და მემორიალის გახსნა, რომელსაც ესწრებოდნენ ბელგიისა და ნიდერლანდების ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე) სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი.
აქვე გადახდილ იქნა აღსრულებულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
დეკანოზმა ანდრიამ დამსწრე საზოგადოებას კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა გააცნო, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:
ყველას გულითადად მოგესალმებით, - სასულიერო პირებს, ქალბატონებსა და ბატონებს; აქ შეკრებილთ გვაერთიანებს ერთი მიზანი, - გავიხსენოთ კუნძულ ტექსელზე 1945 წლის 5 აპრილიდან 20 მაისამდე განვითარებული მოვლენები, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ბოლო ბრძოლა იყო, გამორჩეული თავისი სიმძაფრით.
გერმანელების მიერ ჩამოყალიბებული ქართული ბატალიონის 800 ქართველიდან 565 შეეწირა ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ მოწყობილ ამ აჯანყებას, მათ შორის იყვნენ აფხაზები, ოსები, ქართველი ებრაელები... ასევე, ემსხვერპლა 117 ადგილობრივი მცხოვრები, მოწინააღმდეგის მხრიდან დაიღუპა 800 ჯარისკაცი...
75 წლის შემდეგაც ძნელია, პირუთვნელი შეფასება მიეცეს მაშინდელ მოვლენებს; რეალური ისტორია ჯერ კიდევ დღის სინათლეს ელის; ფაქტი კი ერთია, - ძალადობა, უსამართლო ომი, სისხლისღვრა... ბოროტებაა, რომელიც ადრეც და ახლაც, მრავალ უდანაშაულო ადამიანს იწირავდა და იწირავს.
ჩვენი გადმოსახედიდან ტექსელის ტრაგედიის ყველა მონაწილე, შეიძლება ითქვას, მსხვერპლია და ამ კუნძულზე 1945 წელს მომხდარი, - დაპირისპირებულ გრძნობათა მომცველია; დამარცხება და გამარჯვება, ღალატი და გმირობა, სიძულვილი და სიყვარული, სისასტიკე და ერთგულება, ტკივილი, მწუხარება..., ყველაფერია ერთმანეთში გადაჯაჭვული.
დღეს აქ, რა თქმა უნდა, სხვა სიცოცხლე ჩქეფს, წარსულის მოგონებები კი ლეგენდებადღაა შემორჩენილი; თუმცა სწორედ ეს მოგონებები ხვალინდელი მშვიდობიანი დღის განმსაზღვრელიცაა; ამიტომაც გვმართებს ხსოვნა გარდასულ ჟამთა; ამიტომაც ახლა კვლავ დაიდგა ეს მემორიალი, რომლის ინიციატორიც ისტორიკოსი სულხან ამირანაშვილია, ხელშემწყობნი კი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში; მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი, ბელგიის სამეფოში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე ბატონი დავით ხმალაძე, ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და კუნძულ ტექსელის თვითმმართველობა.
ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო და, ამასთან, განსაკუთრებული მადლიერებით მოვიხსენიო ადგილობრივი მოსახლეობა ამ საფლავებისადმი წლების მანძილზე გამოჩენილი მზრუნველობისთვის.
ტექსელზე დელეგაციასთან ერთად მეც ვარ ნამყოფი 1999 წელს და პანაშვიდი გადავუხადეთ მებრძოლებს. დღესაც შევთხოვ ღმერთს, შეიწყალოს აჯანყების მსხვერპლნი ყოველნი და თვისი მოწყალე კალთა გადააფაროს მათ.
აღდგომილ მაცხოვარს შევთხოვ მშვიდობასაც, რათა მშვიდობით აკურთხოს ნიდერლანდები და საქართველო, დალოცოს ყველა კეთილი ნების ადამიანი და მთელი მსოფლიო.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
04.05.2023
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/26
- 2022/11/13
- 2022/11/29
- 2022/12/04
- 2022/12/07
- 2023/01/19
- 2023/02/09
- 2023/02/14
- 2023/04/02
- 2023/05/17
- 2023/05/24
- 2023/06/03
- 2023/08/12
- 2023/11/02
- 2023/11/05
- 2023/11/24
- 2023/11/24
- 2024/01/24
- 2024/02/18
- 2024/05/05
- 2024/08/01
- 2024/09/02
- 2024/09/23
- 2024/10/14
- 2024/10/26