კენტერბერიის მთავარეპისკოპოსის ვიზიტი საქართველოს საპატრიარქოში


ა.წ. 3 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე), მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კენტერბერიის მთავარეპისკოპოსი, მისი აღმატებულება ჯასტინ უელბი, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანაგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი მარკ კლეიტონი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და კავკასიის რეგიონში განვითარებულ პროცესებს.

მისმა აღმატებულება ჯასტინ უელბიმ განაცხადა, რომ მოხარულია საქართველოში ვიზიტით და საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრით. მან აღნიშნა, რომ საქართველო დიდი ისტორიისა და კულტურის მქონეა და რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ქვეყნისთვის უკვე 1600 წელზე მეტია განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს.

სტუმარმა მწუხარება გამოთქვა რუსეთ-უკრაინის ომის, საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციისა და დევნილთა მდგომარეობის გამო და იმედი გამოთქვა, რომ ღვთის შეწევნით, დადგება დრო, როცა ეს მტკივნეული პრობლემები საქართველოსთვის სასიკეთოდ გადაწყდება.

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) ისაუბრა კავკასიასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ და აღნიშნა, რომ მშვიდობის შენარჩუნებას და ერთა შორის ურთიერთობების ნორმალიზებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს მშვიდობისათვის ხელშეწყობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე კავკასიის რეგიონში და, რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაშიც.

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), რომელიც არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წარმომადგენელი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსს მადლობა გადაუხადა ქართული დიასპორის მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის.

მეუფე თეოდორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სახელით სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა მზაობა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

03.10.2023

მსგავსი განცხადებები: