გალობის უნივერსიტეტი დღეს!


2022 წლის 5 დეკემბერს, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ინიციატივით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი, აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავისადმი, მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება - „გალობის უნივერსიტეტი დღეს“ გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია), უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი იოანე (კიკვაძე), საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქალბატონი თამარ მახარაშვილი, ბიზნესმენი და მეცენატი, ბატონი ივანე ჩხარტიშვილი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნანა გოთუა, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები, სტუდენტები, სტუმარი სასულიერო და საერო პირები.

ღონისძიების ფარგლებში შედგა დოკუმენტური ფილმის პრემიერა, რომელიც გალობის უნივერსიტეტის მიერ განვლილი 15 წლის შესახებ გვიამბობს, ასევე - უნივერსიტეტის უახლესი გამოცემების პრეზენტაცია და უნივერსიტეტის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა.

საღამოში მონაწილეობდნენ: გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი, ნიქოზის წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეების გუნდი და ანსამბლი „ბასიანი“.

ღონისძიების დასასრულს 2022 წლის კურსდამთავრებულებს მიულოცა და დიპლომები გადასცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ გალობის უნივერსიტეტი 2006 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა. ამ ინიციატივის განხორციელებას კი მხარი დაუჭირა ბიზნესმენმა და მეცენატმა ივანე ჩხარტიშვილმა.

,,მარცვალმა, რომელიც აქ 2006 წელს ჩვენმა პატრიარქმა ჩადო, კეთილი ნაყოფი გამოიღო", - ბრძანა უნივერსიტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ ჩხეიძემ. მართლაც, სასწავლებელი, რომელიც ქართული საეკლესიო გალობის რეგენტებისა და ხალხური სიმღერის ლოტბარების აღზრდაზეა სპეციალიზებული, წლებია ერთგულად ემსახურება ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობის შესწავლისა და შენარჩუნების საქმეს, მომავალ თაობას უნერგავს მშობლიური კულტურის სიყვარულსა და პატივისცემას. უნივერსიტეტის კურსდამთავრებული პროფესიონალი მგალობლები და რეგენტები კი არა მარტო მთელი ქვეყნის მასშტაბით, არამედ უცხოეთში არსებულ ქართულ სამრევლოებშიც დაუღალავად აგრძელებენ თავიანთ შემდგომ საქმიანობას.

გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი

ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა

მსგავსი განცხადებები: