- 2023/05/19
გელათის სამონასტრო კომპლექსში სამშენებლო კომპანია „ადლის“ წარმომადგენლები იმყოფებიან
ამ დროისთვის გელათის კათედრალის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის აღმოსავლეთ მკლავში უსაფრთხო ხარაჩოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით, კერძოდ, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ ხორციელდება.
როგორც სამშენებლო კომპანია „ადლის“ წარმომადგენელმა და უსაფრთხო ხარაჩოს მოწყობის პროექტის ხელმძღვანელმა ბესიკ ცუცქირიძემ განმარტა, ეს კონსტრუქცია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, მეცნიერულად შეისწავლონ საკურთხევლის აფსიდის მხატვრობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღვთისმშობლის მოზაიკის მდგომარეობა.
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის წარმომადგენელთა და ქართველ მეცნიერთა განმარტებით, გასული წლის შემოდგომას აღნიშნული მოზაიკის საგანგაშო მდგომარეობის სავარაუდო ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, ღვთისმშობლის მოზაიკას ღაწვის ფრაგმენტიდან, სადაც ისტორიული დაზიანების ერთ-ერთი ადგილი 1980-იანი წლების რესტავრაციისას შეივსო და პიგმენტირდა, მოსცილდა და ჩამოსცვივდა ზემოაღნიშნული რესტავრაციის დროს დაფერილი პიგმენტის ფენა.
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანიზაციების: ICOMOS-ისა და ICCROM-ის მისიის ანგარიშში გარკვევითაა აღნიშნული, რომ უნდა მოხდეს მოზაკის გადაუდებელი და საშუალოვადიანი საკონსერვაციო პროექტის შექმნა, ამ ამოცანის შესასრულებლად კი უნდა მოეწყოს უსაფრთხო ხარაჩო.
ეს დასკვნები UNESCO-ს ექსპერტებმა 2022 წლის 28 ნოემბერსა და 2 დეკემბერს საქართველოში განხორციელებული მისიის შემდგომ ქართულ მხარეს მიაწოდეს.
მონასტრის კეთილმოწესე, იღუმენი დავითი (უმანკოშვილი) ამბობს, რომ საქართველოს საპატრიარქო აღნიშნულს ითვალისწინებს და სწორედ მოცემული რეკომენდაციების შესასრულებლად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს.
როგორც მან აღნიშნა, ყველაფერი კეთდება, რათა გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული პრობლემები აღმოიფხვრას.
სამშენებლო კომპანია ,,ადლის“ წარმომადგენელი ბესიკ ცუცქირიძე განმარტავს: „ამ ეტაპისთვის აღმოსავლეთ ფრთაში ვასრულებთ უსაფრთხო ხარაჩოს მონტაჟს, რომელიც სრულად ეთანხმება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. აღნიშნული სამუშაოები დაგვიკვეთა საქართველოს საპატრიარქომ. ამ სამუშაოების დასასრულებლად გუნდს დასჭირდება 5 დღე. მოგახსენებთ, რომ შპს „ადლი“ 2015 წლიდან არის ქართულ ბაზარზე და არაერთი დიდი პროექტი შეუსრულებია“.
იღუმენი დავითი (უმანკოშვილი): „გელათის მონასტერში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, საკურთხეველში მიმდინარეობს ხარაჩოების აგება, რათა შეისწავლონ ღვთისმშობლის მოზაიკა. ჩვენ ვიცით, რა პრობლემის წინაშე ვდგავართ. იმედია, ამ პრობლემის გადაჭრა მალევე მოხდება. რაც შეეხება ღვთისმსახურებას, ის არ შეზღუდულა, მსახურება მიმდინარეობს და გვეიმედება, რომ ეს პრობლემები მალე აღმოიფხვრება“.
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, არქიმანდრიტ კირიონის (ონიანი) განცხადებით, უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ მოზაიკის კონსერვაციის საერთაშორისო დონის სპეციალისტები და ქართველ და საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოებთან ერთად განხილვის შედეგად შეიქმნება კონსერვაციის პროექტი და დეტალურად გაიწერება შესასრულებელი სამუშაოების გეგმა.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/26
- 2022/11/13
- 2022/11/29
- 2022/12/04
- 2022/12/07
- 2023/01/19
- 2023/02/09
- 2023/02/14
- 2023/04/02
- 2023/05/17
- 2023/05/24
- 2023/06/03
- 2023/08/12
- 2023/11/02
- 2023/11/05
- 2023/11/24
- 2023/11/24
- 2024/01/24
- 2024/02/18
- 2024/05/05
- 2024/08/01
- 2024/09/02
- 2024/09/23
- 2024/10/14
- 2024/10/26