ცხინვალის რეგიონი - ისტორია და თანამედროვეობა (გამოწვევები და პერსპექტივები)


ა.წ. 23-24 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლევის ცენტრის თანადგომით და ახალგაზრდა მკვლევართა ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა ორდღიანი კონფერენცია - ,,ცხინვალის რეგიონი - ისტორია და თანამედროვეობა (გამოწვევები და პერსპექტივები)“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქალბატონი თეა ახვლედიანი, სასულიერო დასისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები, სტუდენტები და დაინტერესებული პირები.

კონფერენცია გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა გადასცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

დამსწრეთ სიტყვით მიმართეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქალბატონმა თეა ახვლედიანმა, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა თამაზ ბესტაევმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა ბატონმა დავით ფაცაციამ, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია).

მომხსენებელთა შორის იყვნენ: რეალური ისტორიის დამდგენი საპატრიარქოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლოს სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), როლანდ თოფჩიშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გივი ღამბაშიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ქეთევან პავლიაშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ზვიად ზვიადაძე - სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, ოთარ ჯანელიძე - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ზაზა ცოტნიაშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ლავრენტი ჯანიაშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აპოლონ თაბუაშვილი - ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ნოდარ აბესაძე - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ნათია ჯალაბაძე - ისტორიის დოქტორი, გელა ქისტაური - ისტორიის დოქტორი, ივერ მერკვილაძე - თეოლოგიის მაგისტრანტი, სალომე მელაძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორანტი, მარიამ ხინთიბიძე - ისტორიკოსი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი.

კონფერენცია მიზნად ისახავდა ცხინვალის რეგიონის როგორც ერთიანი საქართველოს ძირძველი ნაწილის ისტორიის, კულტურის, ეთნოგრაფიის, ხუროთმოძღვრების ძეგლების წარმოჩენას, თანამედროვე მდგომარეობისა და კონფლიქტთან დაკავიშვირებული საკითხების განხილვას და თემის პოპულარიზაციას.

მსგავსი განცხადებები: