ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის განცხადება (30.06.2023)


უკანასკნელ დღეებში, სოციალურ ქსელში რადიკალურად განწყობილი ცალკეული პიროვნებები, მიზანმიმართულად ეწევიან საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეცდომაში შეყვანას.

საკითხი შეეხება ჩვენი ეპარქიის მმართველ მღვდელმთავარს, ყოვლადუსამღვდელოეს ეპისკოპოს საბას და ჩვენი ეპარქიის სასულიერო პირებს, რომლებიც ამა წლის 10 ივნისს, მიწვეული გახლდნენ წმინდა მოციქული ბართლომეს ხსენების დღეს, ამერიკის ბერძნულენოვანი მართლმადიდებლური სამთავარეპისკოპოსოს მმართველი მღვდელმთავრის, მთავარეპისკოპოს ელპიდოფოროსის მიერ, საზეიმო მწუხრის მსახურებაზე, როგორც დამსწრე სტუმრები, რათა აღენიშნათ მოციქული ბართლომეს ხსენება და მსოფლიო პატრიარქ, ყოვლადუწმიდეს ბართლომეოსის ანგელოზის დღე, სადაც ასევე მიწვეული იყვნენ და მსახურებას დაესწრნენ, სხვადასხვა მართლმადიდებელი იერარქები და მღვდელმსახურები.

აღნიშნული მსახურებისთვის, ბერძნულ სამთავარეპისკოპოსოს სივრცე დაუთმო წმინდა მოციქული ბართლომეს სახელობის ეპისკოპალურმა ტაძარმა, რაც უკვე მრავალი წელია აპრობირებული და მიღებული პრაქტიკაა, მთელი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობისთვის არამართლმადიდებლურ ქვეყნებში.

მართლმადიდებლურ საზეიმო მწუხრის მსახურებას ესწრებოდა ჩვენი ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი, მეუფე საბა და ეპარქიის კლერიკოსები მიწვეული სტუმრის სტატუსით, რითაც პატივი მიაგეს ამერიკის ბერძნულენოვან სამთავარეპისკოპოსოს, რომელიც იმ დღეს აღნიშნავდა წმინდა მოციქული ბართლომეს ხსენებასა და საკუთარი პატრიარქის ანგელოზის დღეს.

აღნიშნულის შესახებ, ჯერ კიდევ გასულ დღეებში, პროვოკაციული განცხადება გაავრცელა პრორუსულად ანგაჟირებულმა საეკლესიო საიტებმა, რომელზე დაყრდნობითაც, საქართველოში არსებულმა ნაკლებად რეიტინგულმა სატელევიზიო გადაცემამ, რომლის გადაცემებიც მუდმივად გამოირჩევა პრორუსული, რუსოფილური და სიძულვილის ენის შემცველი კონტენტით, დაიწყო ცრუ ბრალდებებით, უამრავი შეურაცხყოფითა და ცილისწამებებით აღსავსე რეპორტაჟების მომზადება, ჩვენი მღვდელმთავრის და ჩვენი ეპარქიის მღვდელმსახურთა მიმართ.

აღნიშნულ ქმედებას, ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი საბა და ეპარქიის სრული სისავსე აფასებს როგორც პროვოკაციულ თავდასხმას ჩვენს ეპარქიაზე და მის საეკლესიო ცხოვრებაზე.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, რათა არ აჰყვნენ მსგავს მართულ პროვოკაციებს და არ წამოეგონ მათ მიერ დაგებულ იდეოლოგიურ მახეზე, რომელიც რეალურად წყალს ასხამს საქართველოს ეკლესიის გარე თუ შიდა მტრების წისქვილზე.

პატივისცემით,

რდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქია.

30 ივნისი, 2023 წ.

წყარო: Georgian Diocese in North America ქართული ეპარქია ჩრდილოეთ ამერიკაში

მსგავსი განცხადებები: