- 2024/06/09
ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, ყველას გულითადად მოგესალმებით და მოგილოცავთ საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან თარიღს, - პირველ ათეულს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის არსებობისა.
მოგეხსენებათ, 2014 წლის 3 ივნისს, წმ. სინოდის გადაწყვეტილებით, ცალკე შეიქმნა ეს ეპარქია, რომლის მმართველად ამავე წლის 15 ივნისს დადგინდა ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე). მანამდე კი აღნიშნული სივრცე დასავლეთ ევროპის ეპარქიის შემადგენლობაში შედიოდა.
მადლიერებით გვინდა მოვიხსენიოთ ღვაწლი მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მიტროპოლიტ აბრაამისა (გარმელია), რომელმაც, სასულიერო პირებთან ერთად, აქ პირველი დიდი ნაბიჯები გადადგა მრევლის მოსაზიდად.
რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი გაკეთდა შემდეგ, 10 წლის მანძილზე, მეუფე დოსითეს ხელმძღვანელობით და დღეს ჩვენ მისი მუშაკობის შედეგს ვხედავთ გამოხატულს სასულიერო პირთა რიცხვის გაზრდით, 7 სამრევლოს ფუნქციონირებით, 4 საკვირაო სკოლის დაარსებით, სამ ქალაქში: ბრიუსელში, ანტვერპენსა და ლიეჟში ტაძრების გახსნით, საღვთისმეტყველო ცენტრის შექმნით და სხვა საგანმანათლებო, კულტურული და სოციალური საქმიანობით.
ამიტომაცაა, რომ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია ისევე, როგორც საზღვარგარეთ არსებული სხვა ეპარქიები, ჩვენი დიასპორისთვის წარმოადგენს არა მარტო ქართველი ხალხის რწმენისა და საეკლესიო ცხოვრების ნავთსაყუდელს (რაც უმნიშვნელოვანესია), არამედ აქვთ კულტურულ - საგანმანათლებლო დანიშნულებაც.
საერთოდაც, უცხოეთში სამრევლოების ფუნქციონირება განსაზღვრა ათიათასობით ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეზე სულიერი ზრუნვის აუცილებლობამ და ეროვნულ-კულტურული ცნობიერების ამაღლებისთვის ზრუნვის საჭიროებამ, განსაკუთრებით ემიგრაციაში მყოფ მოზარდ თაობასთან მიმართებაში.
ამ მისიის აღსრულებისთვის დიდ მადლობას ვუხდით ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოს ყოვლადუსამღვდელოეს დოსითეს, ეპარქიის სასულიერო დასს, მთელ სამრევლოს და კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ საიუბილეო თარიღს. ამასთან, შევთხოვ შემოქმედს, რომ თქვენი შრომა, იყოს სადიდებლად უფლისა და მსახურებად ერისა ჩვენისა.
ნიშნად თქვენდამი სიყვარულისა, საჩუქრად გიგზავნით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს. ინებოს დედაღვთისამ თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველობა და შემდგომი სულიერი გაძლიერება, რათა ერთობით ვიტყოდეთ: ,,წყალობაი შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა“.
თქვენთვის მლოცველი
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
09.06.2024
მსგავსი განცხადებები:
- 2022/09/02
- 2022/11/24
- 2022/11/24
- 2022/11/25
- 2022/11/25
- 2022/12/28
- 2022/12/31
- 2023/01/08
- 2023/01/14
- 2023/01/29
- 2023/01/30
- 2023/01/30
- 2023/02/13
- 2023/03/05
- 2023/04/04
- 2023/04/14
- 2023/04/15
- 2023/04/24
- 2023/05/23
- 2023/08/20
- 2023/08/20
- 2023/11/05
- 2023/11/11
- 2023/12/04
- 2023/12/31
- 2024/01/23
- 2024/01/30
- 2024/02/01
- 2024/02/05
- 2024/03/23
- 2024/03/27
- 2024/04/08
- 2024/04/11
- 2024/05/03
- 2024/05/07
- 2024/05/07
- 2024/05/16
- 2024/06/07
- 2024/06/11
- 2024/06/16
- 2024/06/17
- 2024/06/25
- 2024/07/07
- 2024/07/07
- 2024/07/13
- 2024/07/26
- 2024/08/03
- 2024/08/09
- 2024/08/19
- 2024/08/21
- 2024/08/21
- 2024/09/14
- 2024/09/17