სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი


დღეს, 2022 წლის 1 აგვისტოს, სამთავისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიასა (გვაზავა) და სხვა სასულიერო პირებთან ერთად სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, რის შემდეგაც მეუფე შიომ ტაძარში შეკრებილებს - ეპისკოპოს დამიანეს ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სასულიერო და საერო პირებს - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამძიმრის წერილი გააცნო.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე დამიანეს ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრა:

„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფე დამიანეს ოჯახის წევრებო, ქალბატონო ნელი, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, რთულია, რაიმე დაამატო კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამძიმრის წერილს.

ახლა ვფიქრობდი, რა შეიძლება ითქვას და ალბათ დღეს დამატებით კიდევ იმის თქმა შეიძლება, რომ არ არის შემთხვევითი, რომ მეუფე დამიანეს დაკრძალვა ემთხვევა წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენებას, იმიტომ რომ, როგორც წმინდა ილია წინასწარმეტყველს უწოდებენ ცეცხლოვან წინასწარმეტყველს, შეიძლება ითქვას, მეუფე დამიანეც ცდილობდა, მიმსგავსებოდა მას. მას გამოარჩევდა ეს ცეცხლოვანება ურთიერთობაში, როგორც მისი უწმინდესობა ბრძანებს, რომ საერო ცხოვრებაშიც იგი ასეთი იყო - მოშურნე და შემდეგ - საეკლესიო მოღვაწეობის გზაზეც.

ჩვენ გვახსოვს მისი ეს დიდი მოშურნეობა, სიმტკიცე და ცეცხლოვანება. ვევედრებით უფალს და იმედი გვაქვს, რომ უფალი მას აცხონებს და ცათა სასუფეველს დაუმკვიდრებს.

რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის, წმინდა სინოდისთვის, მთელი ეკლესიისთვის დიდი დანაკლისია, სწორედ მისი ამ თვისების გამო.

უფალმა ინებოს, რომ ამრავლოს ჩვენში ასეთი ღირსეული შვილები და ეს ჭეშმარიტი ცეცხლოვანება ჩვენს ეკლესიაში.

ღმერთმა გაგაძლიეროთ და დაგლოცოთ“.

შეგახსენებთ, რომ სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე 2022 წლის 30 ივლისს მარტყოფთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაიცვალა. მას ხვალ, 2 აგვისტოს, სამშაბათს, 14:00 საათზე, სამთავისის საკათედრო ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.

მოამზადა თამარ ასათიანმა

მსგავსი განცხადებები: