სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა კვიპროსის მთავარეპისკოპოს გიორგის


მის უნეტარესობას, ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოს გიორგის

თქვენო უნეტარესობავ,

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად გილოცავთ ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსად გამორჩევას.

კვიპროსის ეკლესია ძველი დროიდანვე განსაკუთრებულად ახლობელი იყო და არის ჩვენთვის და ამიტომაც საუკუნეთა მანძილზე მუდამ გამორჩეული ურთიერთობა გვქონდა.

ვიმედოვნებთ, მოციქულ ბარნაბას ტახტზე თქვენი აღსაყდრებით ჩვენს ეკლესიებს შორის კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდება და თქვენი მწყემსმთავრობა იქნება ნაყოფიერი და სულიერი სიხარულის მომტანი როგორც თქვენი სამწყსოსთვის, ისე საერთოდ მართლმადიდებლობისათვის.

ღმერთმა მოგცეთ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და, რაც მთავარია, სულიერი ძალა და სიბრძნე თქვენზე დაკისრებული დიდი პასუხისმგებლობის ღირსეულად აღსრულებისათვის.

გეწეოდეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი.

ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით,

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა

თბილისი, 2022 წ.

მსგავსი განცხადებები: