- 2023/05/25
უწმინდესო პატრიარქო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, როგორც ამ ქვეყნის სულიერ მამას და მასზედ გულმხურვალედ მლოცველს.
2023 წლის 26 მაისი განსაკუთრებული დღეა არა მხოლოდ ქართველთათვის, არამედ ებრაელთათვისაც და მთელი ქვეყნიერებისთვის, რადგან წელს, გამჩენის ნებით, სწორედ ამ დღეს ემთხვევა უდიდესი ებრაული დღესასწაული - შავუოთი, დღე წიგნთა წიგნის ბოძებისა სინაის მთაზე. სწორედ ამ დღეს აჩუქა უფალმა კაცობრიობას თორის ხუთწიგნეული - წყარო ზეციური ნათლისა და ამავე დღეს მოგვივლინა მეფე დავიდი, რათა კიდევ უფრო გაეძლიერებინა ეს სინათლე ჩვენში და შემდეგ, სწორედ ამ დღეს წარსდგა იგი ღვთის წინაშე და დაწესდა მას შემდეგ ფსალმუნთა ხუთწიგნეულის კითხვის წესი და ტრადიცია.
აი, ეს დღეა 2023 წლის 26 მაისი - დღე ჩვენი საყვარელი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა.
დიდი წარსულის და უმდიდრესი კულტურის მემკვიდრეა საქართველო. ეს პატარა ქვეყანა უძველესი ცივილიზაციების ისტორიული მეხსიერების ნაწილი გახლავთ. ამაში ერთმანეთს ძალიან მიაგავს ჩვენი ორივე სამშობლო. მიაგავს იმაშიც, რომ ორივეს - ჩვენი მცირე ტერიტორიებით, უმნიშვნელოვანესი გეოსტრატეგიული მდებარეობა მოგვმადლა უფალმა. კიდევ ერთ რამეში მიაგავს ერთურთს ეს ორი ერი: ებრაელი არასდროს შეგუებია სამშობლოს დაკარგვას: დარბეული და ნაგვემი, იერუშალაიმიდან არაერთგზის განდევნილი, იგი დაუღალავად ლოცულობდა, რომ კვლავ შეედგა ფეხი დავითის ქალაქის ჭიშკრებში. „დადგება ფერხნი ჩვენნი შინა ჭიშკრებსა შენსა იერუშალაიმ“ (ფსალმუნი 122,2) - ბრძანებს დავიდ ჰა’მელეხი და ამ სიტყვებით ებრაელ ერს იერუშალაიმში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებს. აღსრულდა კიდეც მისი სიტყვა.
არც ქართველი შეგუებია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვას. ჩვენ, თქვენი ძმები, ყოველდღე ვლოცულობთ, რათა მალე დადგეს ის სანუკვარი დრო, როდესაც მშვიდობით დაუბრუნდება ყველა თავის კუთვნილ კერას და მაშინ, როგორც დავიდ მეფე ბრძანებს - ფერჴნი ჩვენნი დადგება შინა სალოცავებსა სოხუმისა და ცხინვალის, და ჩვენ იქ ვილოცებთ და ვიქადაგებთ, რათა ვადიდოთ მაღალი გამჩენის სახელი.
უწმინდესო პატრიარქო, ნიშნად დიდი პატივისცემისა და ძმური სიყვარულისა, თავს მდაბლად ვხრი თქვენს წინაშე და მთელი მსოფლიოს ქართველ ებრაელთა სახელით გულითადად გილოცავთ ჩვენი საყვარელი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დღესასწაულს.
ღმერთმა დალოცოს საქართველო - დაგიმკვიდროთ მშვიდობა ირგვლივ და ერთმანეთს შორის, მოგამაღლოთ და გაგაბრწყინოთ, მეგობარი გიმრავლოთ და მტერი შეგიმუსროთ!
პატივისცემით, იაკობ გაგულაშვილი, მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი, იერუშალაიმის და აშდოდის მთავარი რელიგიური მოსამართლე
22 მაისი, 2023 წ.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/09/02
- 2022/11/24
- 2022/11/24
- 2022/11/25
- 2022/11/25
- 2022/12/28
- 2022/12/31
- 2023/01/08
- 2023/01/14
- 2023/01/29
- 2023/01/30
- 2023/01/30
- 2023/02/13
- 2023/03/05
- 2023/04/04
- 2023/04/14
- 2023/04/15
- 2023/04/24
- 2023/05/23
- 2023/08/20
- 2023/08/20
- 2023/11/05
- 2023/11/11
- 2023/12/04
- 2023/12/31
- 2024/01/23
- 2024/01/30
- 2024/02/01
- 2024/02/05
- 2024/03/23
- 2024/03/27
- 2024/04/08
- 2024/04/11
- 2024/05/03
- 2024/05/07
- 2024/05/07
- 2024/05/16
- 2024/06/07
- 2024/06/11
- 2024/06/16
- 2024/06/17
- 2024/06/25
- 2024/07/07
- 2024/07/07
- 2024/07/13
- 2024/07/26
- 2024/08/03
- 2024/08/09
- 2024/08/19
- 2024/08/21
- 2024/08/21
- 2024/09/14
- 2024/09/17
- 2024/10/15
- 2024/11/07
- 2024/11/08