სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო


დიდია ჩვენი გულისტკივილი აღიარებული მომღერლისა და მსახიობის, ბატონ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო. მას ძველი დროიდან ვიცნობდი პირადად, რადგან მისი დედა, ქალბატონი მანანა ბაგრატიონი, სიონის საკათედრო ტაძრის მგალობელი იყო ჯერ კიდევ ათეისტური რეჟიმის პერიოდში და ეს, ბუნებრივია, ხელს უწყობდა ჩვენს ურთიერთობას ბატონ ვახტანგთან.

მინდა აღვნიშნო, რომ ამ პიროვნებას ჰქონდა გამორჩეული უნარი სცენიდან თუ ფილმებიდან სითბო და სიყვარული მაყურებლამდე ისე მიეტანა, რომ ეს გრძნობა წარუშლელად დარჩენილიყო მათში. ამიტომაც იქცა იგი და ბ-ნი ფრუნზე მკრტიჩიანი - ,,მიმინოს" გმირები, - მეგობრობის ძეგლად ქცეულ სიმბოლოდ.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ვახტანგის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა განუსვენოს მას, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიჰმადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

19.01.2023

მსგავსი განცხადებები: