სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო


დიდად ვწუხვართ, რომ ჩვენს სამზეოს გამოაკლდა საერთაშორისო დონის იმუნოლოგი და ინფექციონისტი, საოცარი ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოებული, დიდი მკურნალი, ბატონი თენგიზ ცერცვაძე.
 
უცხოელი კოლეგების მხარდაჭერითა და ნდობის წყალობით და, რა თქმა უნდა, თავისი ნიჭითა და გამოცდილებალით მან ქვეყნისათვის კრიტიკულ პერიოდებში არაერთი უმნიშვნელოვანესი წარმატებული პროექტი განახორციელა, ჩვენი მოსახლეობა უმძიმეს დაავადებათაგან იხსნა და მრავალთა სიცოცხლე გადაარჩინა.
 
ბატონი თენგიზის სხვა დამსახურებათა შორის აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მან თავისი სკოლა შექმნა და ურთულეს ინფექციებთან საბრძოლველად ძლიერი აკადემიური გუნდი ჩამოაყალიბა.
 
სამაგალითო იყო მისი დამოკიდებულება პაციენტებისადმიც. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა თვითონ ჰქონდა, გადამდები დაავადების მქონე ავადმყოფებს არ ერიდებოდა და უშუალო ურთიერთობითა და მანუგეშებელი სიტყვით წამალზე მეტად მათ სულიერად ეხმარებოდა.
 
ამ თვისებათა გამო იგი საყოველთაო პატივისცემას იმსახურებდა. პირადად მეც მქონდა მასთან ახლო ურთიერთობა და ყოველთვის დიდად ვაფასებდი მის პიროვნებას.
 
ვუსამძიმრებ მეუღლეს, ქალბატონ ანას, ინფექციური საავადმყოფოს მთელ კოლექტივს, საერთოდ მედიკოსებს და ჩვენს საზოგადოებას და თქვენთან ერთად შევთხოვ ყოვლადმოწყალე უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს ბატონი თენგიზის უკვდავი სულის ცხონებას.
 
პატივისცემით,
 
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
 
04.08.2024

მსგავსი განცხადებები: