გუშინ, 24 იანვარს, საბერძნეთის მღვდელთმთავართა წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ერთადერთ განსახილველ საკითხს ერთსქესიანთა ქორწინებისა და ერთსქესიანი წყვილების მიერ შვილის აყვანის შესახებ კანონპროექტი წარმოადგენდა.
წმინდა სინოდის ერთსულოვანი პოზიციით
1. ქორწინების შესახებ ეკლესიის თეოლოგია მომდინარეობს წმინდა წერილიდან, ეკლესიის მამათა მოძღვრებიდან და ქორწინების საიდუმლოს წესიდან, რაც ნათლად ჩანს ამ საიდუმლოს განგებაში.
ქრისტიანული ქორწინების მიზანია კეთილშეუღლება და ოჯახის შექმნა, შვილთა-სხმა, როგორც ნაყოფი ორი მეუღლის ქრისტესმიერი სიყვარულისა და მათი დაკავშირება საეკლესიო ცხოვრებასთან.
ეკლესია ცოლ-ქმრისა და ბავშვების ურთიერთობაში აღიარებს, რომ:
ა) სქესის ორგვარობა და მათი ურთიერთშემავსებლობა სოციალურ შეხედულებას კი არ წარმოადგენს, არამედ ღვთისაგან მომდინარეობს („შექმნა ღმერთმა ადამიანი, ღმერთის ხატად შექმნა იგი; მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. და აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ...", დაბ. 1, 27-28).
ბ. ქმრისა და ცოლის ერთობის სიწმინდე ქრისტესა და ეკლესიის კავშირამდე აღიწევა („ვისაც თავის ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს... დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტესა და ეკლესიაზე", ეფეს. 5,28).
გ. ქრისტიანული ქორწინება თანაცხოვრების უბრალო შეთანხმება კი არაა, არამედ წმინდა საიდუმლო, რომლის მეშვეობითაც ღვთის მადლი ენიჭება კაცისა და ქალის კავშირს განღმრთობისაკენ ერთობლივი მსვლელობისათვის. ეს კურთხეული მსვლელობა მიემართება ყველა წყვილს - შვილიანს თუ უშვილოს.
დ. საბავშვო და ზრდასრული ასაკის ცხოვრების შემადგენელი მამა და დედა არიან ("პატივი ეცი მამაშენსა და დედაშენს", გამოს. 20,12).
2. კანონებს, ცხადია, სახელმწიფო ადგენს, მაგრამ ეს ეკლესიას არც სიტყვის თავისუფლებას ართმევს, არც მორწმუნე ერის ინფორმირების მოვალეობისაგან ათავისუფლებს და არც შესაძლებელს ხდის, რომ ეკლესიას მიეთითოს, თუ რაში მდგომარეობს ცოდვა. ეკლესია არ ადგენს კანონებს და არ იღებს პასუხისმგებლობას მათზე. თუმცა, თუ დადუმდება, უდიდეს პასუხისმგებლობას იკიდებს და თავის თავს ანადგურებს.
3. 2015 წლიდან თანაცხოვრების ხელშეკრულება ერთი და იმავე სქესის წყვილებს ანიჭებს ქორწინების ყველა უფლებასა და შესაძლებლობას, მთავარი გამონაკლისია შვილების შეძენა აყვანისა თუ სუროგაციის გზით.
"ქორწინებაში თანასწორობის" დევიზი ერთ მიზანს - "ერთსქესიანი წყვილების" მიერ შვილების შეძენას ისახავს.
4. გამოცხადდა, რომ დაშვებულ იქნება "ერთსქესიანთა ქორწინება" და "ერთსქესიანთა მშობლობა შვილის აყვანისა თუ სუროგაციის გზით.
კანონმდებლობის ინიციატორები და მისი მომხრეები ხელს უწყობენ მამობისა და დედობის გაუქმებას და მათი "ნეიტრალური მშობლობით" შეცვლას, ოჯახში ორი სქესის როლების გაქრობას. ისინი მომავალ შვილთა ინტერესებზე მაღლა სრულწლოვანი ჰომოსექსუალების სექსუალურ არჩევანს აყენებენ.
ამ კანონპროექტის საფუძველზე, მარტოხელა ჰომოსექსუალ მშობლებს შეეძლებათ თავიანთ შვილს დაუდგინონ საკუთარი პარტნიორი, როგორც "მამა 2" ან "დედა 2".
5. ეს საკანონმდებლო ინიციატივა მომავალ შვილებს იმეტებს იმისათვის, რომ მამისა და დედის გარეშე აღიზარდოს გარემოში, სადაც მშობელთა როლები არეულია.
მარტოხელა მშობლის ოჯახი სხვა შემთხვევაა. იგი ერთი მშობლის დანაკლისს იწვევს და არა მშობელთა როლების აღრევას.
ჰომოსექსუალ წყვილთა თანაცხოვრება კი ორივეს იწვევს. ამასთანავე, ამ ბავშვებს ხშირად არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი მეორე ბიოლოგიური მშობელი გაიცნონ.
ასევე, მათ არ ექნებათ ჰეტეროფილურ კავშირში მეორე სქესთან ურთიერთობის პირადი გამოცდილება.
ბავშვები "მამა 1 და 2" ან დედა 1 და 2" (ან მეტი) მშობლებით შვილის აყვანის არაბუნებრივი მექანიზმის მსხვერპლი იქნებიან.
6. გამოქვეყნდა, რომ ა) "ერთსქესიან წყვილებს" უფლება მიეცემათ, შვილი აიყვანონ როგორც ერთობლივად, ასევე მშობლის "ჰომოფილი მეუღლისაგან"; ბ) საბერძნეთში ერთსქესიანი წყვილებისთვის სუროგაცია არ იქნება დაშვებული, მაგრამ თუ სხვა ქვეყანაში ლეგალურად გაკეთდება, აღიარებული იქნება.
ეს რეგულაციები წაახალისებს ადვილად მოწყვლადი ქალების ექსპლუატაციას.
თუ ზემოხსენებული ძალაში შევა, ეს იქნება დანაღმული კანონპროექტი წინააღმდეგობებისა და აკრძალვებისგან თავის არიდების გზებით. შესაძლებელია, რომ ევროპულმა სასამართლომ საბერძნეთი დისკრიმინაციაში დაადანაშაულოს, ასე რომ, ქვეყანა იძულებული იქნება თავის მიწაზეც დააკანონოს სუროგაციული ორსულობა.
7. კანონპროექტი არღვევს არა მხოლოდ ბიოეთიკის კანონებს, ქრისტიანულ ღირებულებებსა და ბერძნული ოჯახის ტრადიციას, არამედ მომავალი შვილების უფლებებსა და გენდერულ როლებს, როგორც საზოგადოების ერთიანობის ელემენტებს. ეს ეხება ყველას, თუნდაც არ აღიარებდეს ქრისტიანულ ეთიკას.
კითხვა, რომელიც საბოლოოდ პასუხგაუცემელია: რა არის ამ გადაწყვეტილების არსებითი მიზეზი, რომელიც მთლიანად და ძირეულად ცვლის ქორწინების ინსტიტუტსა და მშობლის სტატუსს და რატომ უწყობენ მას ხელს ასე დაჟინებით?
8. საბერძნეთის ეკლესია აღიარებს მხოლოდ ქრისტიანული ქორწინების წმინდა საიდუმლოს და უარყოფს სამოქალაქო ქორწინებას, მიუხედავად სქესისა.
ამ შემთხვევაში, ეკლესია ეწინააღმდეგება „ერთსქესიან წყვილთა“ სამოქალაქო ქორწინებას იმ დამატებითი მიზეზითაც, რომ ეს გარდაუვლად იწვევს „ერთსქესიანთა მშობლობას“ შვილად აყვანის ან სუროგაციის გზით.
ეს კანონპროექტი ეწინააღმდეგება, როგორც ქრისტიანულ ანთროპოლოგიას, ასევე საზოგადოების მოვალეობას, უზრუნველყოს ბავშვების კეთილდღეობა და სწორი აღზრდა, ასევე ბავშვთა უფლებას, რომ ჰყავდეთ მამა და დედა და ჰქონდეთ მათი მზრუნველობა.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიზეზითა და სამოძღვრო პასუხისმგებლობისა და სიყვარულის გრძნობით, ჩვენი წმინდა ეკლესია რადიკალურად ეწინააღმდეგება ამ კანონპროექტს.
9. მღვდელთმთავართა წმინდა სინოდმა განაჩინა:
ა) დაიწეროს ეპისტოლე საბერძნეთის პარლამენტის პატივცემული წევრების მიმართ;
ბ) 4 თებერვალს ეკლესიის პოზიცია გამოცხადდეს ტაძრებში და ტაძრებისა და მისი ვებ-გვერდის საშუალებით მრევლში გავრცელდეს შესაბამისი ბროშურები;
გ) თითოეულ მიტროპოლიტს მიენიჭოს უფლებამოსილება, საკუთარი ეპარქიის ფარგლებში თავისი სამოძღვრო განსჯის მიხედვით განაგრძოს ინფორმაციის მიწოდება ზემოხსენებულ კანონპროექტთან და ოჯახის ინსტიტუტთან დაკავშირებით.
საბერძნეთის ეკლესიის მღვდელთმთავართა წმინდა სინოდი.
წყარო: Ανακοίνωση Ιεράς Συνόδου για «Ομόφυλο γάμο» - «Ομόφυλη Γονεϊκότητα» (romfea.gr)