მსოფლიო პატრიარქის ვიზიტი ფინეთსა და ესტონეთში


2023 წლის 8 სექტემბერს მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა ფინეთში. შემდეგ კი ამავე ვიზიტის ფარგლებში ესტონეთს ეწვევა, რათა მონაწილეობა მიიღოს ამ ორი ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიებისთვის ავტონომიის მინიჭების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში.

ფინეთში ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო პატრიარქი ჰელსინკის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს, შემდეგ კი შეხვედრებს გამართავს ფინეთის პრეზიდენტთან, საბერძნეთის და თურქეთის ელჩებთან ფინეთში, ქვეყნის რელიგიურ ლიდერებსა და სხვა ოფიციალურ პირებთან. ასევე ეწვევა სამრევლოებს, სხვადასხვა დაწესებულებას, კაუნისნიემის მართლმადიდებელი ახალგაზრდობის ბანაკსა და ჰელსინკის სომაინენის მართლმადიდებლურ სამლოცველოს, სადაც დალოცავს მართლმადიდებელ მორწმუნეებს.

ოფიციალური ვიზიტის მეორე ნაწილის ფარგლებში, რომელიც 12 სექტემბრიდან ესტონეთში გაგრძელდება, პატრიარქი ქალაქ ვარსკაში, ღია ცის ქვეშ, საღვთო ლიტურგიას აღავლენს. შეხვედრებს გამართავს ესტონეთის პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, ესტონეთში საბერძნეთისა და თურქეთის ელჩებთან, სხვა ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენლებთან, ტალინის მერთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ასევე მონაწილეობას მიიღებს ესტონეთის ეროვნული ფოსტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც წარმოდგენილი იქნება ესტონეთის ავტონომიური ეკლესიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკები. ქვეყნის დედაქალაქის გარდა, მსოფლიო პატრიარქი ეწვევა ქალაქებს: ტარტუს, ვარსკას, ვალგას, პარნუსა და ჰიიუმას, სადაც შეხვდება და დალოცავს სამღვდელოებას და მართლმადიდებელ მორწმუნეებს.

საპატრიარქოს დელეგაციაში შედიან: კიდონიის მიტროპოლიტი ათენაგორა, ესპანეთისა და პორტუგალიის მიტროპოლიტი ბესარიონი, პერისტერის მიტროპოლიტი გრიგოლი, არქიმანდრიტი აეტიოსი, პატრიარქის საგანგებო ოფისის ხელმძღვანელი და მსოფლიო საპატრიარქოს სხვა სასულიერო პირები.

წყარო: https://ec-patr.org/%CE%B1%CE%BD%CE%B1%CF%87%CF%8E%CF%81.../

მსგავსი განცხადებები: