- 2023/07/28
გასაჯაროვდა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქის, თეოდორე II-ის 2023 წლის 22 ივლისის საპასუხო წერილი სერბეთის პატრიარქ პორფირესადმი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა.
სერბეთის პატრიარქის წერილის მთავარ თემას წარმოადგენდა ვიშგოროდისა და ჩერნობილის მიტროპოლიტ პავლეს საკითხი, რომელიც უკრაინული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით დაპატიმრებულია.
სერბეთის პატრიარქის თქმით: ,,ეს გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, უკრაინაში არსებული დაძაბული ვითარების შედეგია, მეორე მხრივ კი, წარმოაჩენს უკრაინის მთავრობის პოლიტიკურ ნებას, რომ დაიკავონ კიევ-პეჩორის ლავრა.
მიტროპოლიტ პავლეს დაკავება წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევის აშკარა მაგალითს. იგი არის კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღვარი და, შესაბამისად, უკრაინის ხელისუფლებისათვის წარმოადგენდა გადაულახავ წინააღმდეგობას ლავრის დასაკავებლად.
ამიტომაც, გთხოვთ, უნეტარესო, თქვენი საერთშორისო ავტორიტეტის გათვალისწინებით, მიიღოთ ზომები მიტროპოლიტ პავლეს გასათავისუფლებლად," - აღნიშნულია პატრიარქ პორფირეს წერილში.
ალექსანდრიის პატრიარქის საპასუხო წერილში ვკითხულობთ: ,,პირდაპირ გიპასუხებთ, რომ მართალია ვემხრობით ყოველი ადამიანის უფლებების დაცვას, მაგრამ თქვენს სიყვარულს მოვანდობ ჩვენს იმ პრობლემას, რაც თქვენი წერილის წაკითხვის შემდეგ ჩნდება.
თქვენ წერთ, რომ ,,ყოველი ადამიანის მოვალეობაა, ეძიოს სიმართლე და ხმა ამოიღოს იმ უსამართლობებზე, რომლებიც მიმართულია ადამიანის ძირითადი უფლებების წინააღმდეგ.
ალექსანდრიის უძველესი საპატრიარქო დამწუხრებულია რუსეთის ეკლესიის მიერ მის იურისდიქციაში ანტიკანონიკური შემოჭრის გამო. მოსკოვის საპატრიარქო და მისი ამჟამინდელი მეთაური თვითნებურად შეეწინააღმდეგნენ საუკუნეების განმავლობაში კანონიკურად დამკვიდრებულ საეკლესიო პრაქტიკას - მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის უწმინდესი ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებას, ავაზაკურად შემოიჭრნენ აფრიკაში, ჩვენს სამოძღვრო და სულიერ გეოგრაფიულ იურისდიქციაში და მოწამლეს ათასობით ნეოფიტი აფრიკელის ადვილად მოწყვლადი სული.
თქვენს წერილში არსად ასახელებთ ერთმორწმუნე ერის მიმართ თავდამსხმელი ქვეყნის სახელს - სწორედ ჩვენმა მართლმადიდებელმა რუსმა ძმებმა დაარღვიეს შეგნებულად ჩვენი მწყემსმთავარ ქრისტეს უკერველი კვართი.
სამწუხაროდ, თქვენი სიყვარული იმავე მზრუნველობას არ იჩენს ამ უდიდეს უსამართლობაზე, როგორსაც მიტროპოლიტ პავლეს შემთხვევაზე. ჩვენი უმდაბლესობის მოწოდებების მიუხედავად, რომლებიც არათუ ერთ ადამიანს, არამედ ათასობით აფრიკელ მართლმადიდებელს ეხება, თქვენ გამაყრუებელად დუმხართ.
ველით თქვენი მხრიდან ამ ქმედებების დაუყოვნებლივ დაგმობას და მხურვალედ ვლოცულობთ, რომ ჩრდილოელი ძმების ამ არაქრისტიანულმა და არაეკლესიურმა ქმედებებმა ხვალ თქვენც არ მოგიკაკუნოთ კარებზე”.
წყარო: https://www.romfea.gr/epikairotita-xronika/58010-apantisi-patriarxi-aleksandreias-ston-patriarxi-servias?fbclid=IwAR2UjdwWmdLFiZDDBwSaYkiU3WmNZ3JEJIp2ruqf-KkiurhFHZH4daZV-nM
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19