არქიმანდრიტმა კირილე გოვორუნმა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა


მოსკოვის საპატრიარქოს ყოფილმა სასულიერო პირმა ინტერვიუ „გლავკომს“ მისცა, სადაც არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

„ჩემთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება სინამდვილეში მიმართულია იმ ადამიანებისკენ, პოლიტიკოსებისკენ, რომლებთანაც თანამშრომლობს მოსკოვის საპატრიარქო. ეკლესია სრულად თანხვედრაშია კრემლის პოლიტიკასთან და სჯის მის კრიტიკოსებს...

მეორე გზავნილი მიემართებოდა რუსეთის მთელ მართლმადიდებელ ეკლესიას: აი, შეხედეთ, არქიმანდრიტი კირილე პატრიარქის უახლოეს გარემოცვაში იყო. მიუხედავად ამისა სამაგალითოდ დასაჯა. ეს დაშინების კამპანიის ნაწილია მოსკოვის საპატრიარქოს „სუსტი ხმებისა“, რომლებიც ვერ ბედავენ ხმა აღიმაღლონ ომის და პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ“, - განაცხადა არქიმანდრიტმა კირილემ.

მისი სიტყვებით, დასავლეთის რელიგიურ წრეებში, განსაკუთრებით კონსერვატიულ წრეებში, რუსეთი საკმაოდ პოპულარულია, რადგან ის მიზანმიმართულად იყენებს რიტორიკას ოჯახის და ტრადიციული ფასეულობების შესახებ. თუმცა თავად რუსებმა პრაქტიკულად გაანადგურეს ოჯახის ინსტიტუტი უკრაინაში, რადგან თითქმის ყველა ოჯახი ტრავმირებულია ომის გამო.

„ეს რიტორიკა მუშაობს აშშ-ში კონსერვატორ კათოლიკეებში, ევანგელისტებში, მართლმადიდებლებში. მალე პრეზენტაცია მექნება აშშ-ში, სადაც რუსეთის რიტორიკის და პრაქტიკის შეუთავსებლობაზე ვისაუბრებ. ეს შეხვედრა ნამდვილად შეცვლის რუსეთზე რომანტიკულ წარმოდგენებს“, - თქვა არქიმანდრიტმა კირილემ.

„პატრიარქ კირილეთი უკმაყოფილო ეპისკოპოსების რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი ომისადმი არსებული პოზიციით. თუ ადამიანი პატრიარქის წინააღმდეგია, იმას არ ნიშნავს რომ ომსაც ეწინააღმდეგება. მათი უმრავლესობა, რომელთაც პატრიარქ კირილეს მეთოდები არ მოსწონთ, ომს უჭერენ მხარს. პარადოქსი ის არის, რომ პატრიარქის წინააღმდეგ შეიძლება წავიდნენ არა იმ მოტივით, რომ ომი არ უნდათ, არამედ იმის გამო რომ ის არასაკმარისს აკეთებს ომის მხარდასაჭერად.

პატრიარქმა კირილემ იცის როგორ მოიშოროს კონკურენტები. ამის კარგი მაგალითია კლინის მიტროპოლიტი ლეონიდე გორბაჩოვი. ის ყველა თანამდებობიდან გაუშვა სწორედ შიშის გამო, რადგან მას შეუძლია სათავეში ჩაუდგეს რადიკალურ საპროტესტო ჯგუფს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში. გათავისუფლების შემდეგ მიტროპოლიტ ლეონიდეს გარშემო მხარდაჭერები შეგროვდნენ, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთის პატრიარქი უსამართლოდ ექცევა გულმხურვალე პატრიოტს და ომის მხარდამჭერს“, - განაცხადა არქიმანდრიტმა კირილე გოვორუნმა.

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნობილი ღვთისმეტყველი, ევროპისა და ამერიკის არაერთი უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, არქიმანდრიტი კირილე გოვორუნი სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა. გადაწყვეტილების მიზეზი მისი პოზიცია გახდა, როცა საჯაროდ გააკრიტიკა რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში და ამაზე რუსეთის ეკლესიის დამოკიდებულება; ასევე მისი თანამსახურება კიევში მსოფლიო საპატრიარქოს ეგზარქოსთან გასული წლის ზაფხულში.

წყარო: https://risu.ua/ru/arhimandrit-kirill-govorun-rasskazal-o-prichinah-repressij-v-rpc_n145809?fbclid=IwAR0nogZXKhYCm1IeiAIhrN7HdN36kT3rf9ShX3nwnbdFCMEyhkdgWoEwn_k

https://risu.ua/ru/bunt-protiv-kirilla-sposobny-vozglavit-tolko-turbo-pravoslavnye-storonniki-vojny--arhimandrit-kirill-govorun_n145868?fbclid=IwAR0nogZXKhYCm1IeiAIhrN7HdN36kT3rf9ShX3nwnbdFCMEyhkdgWoEwn_k

https://risu.ua/ru/arhimandrit-kirill-govorun-planiruet-rasskazat-amerikancam-chto-takoe-tradicionnye-cennosti-po-russki_n145847?fbclid=IwAR1gv-Wny5pmqULOhwXZ-RqElL5PCL4rZxywAvrZnDlyDbhAN-UK1XAabNc

მსგავსი განცხადებები: