სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ბენილუქსის ქვეყნების იერარქები ეწვივნენ


დღეს, 7 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს ეწვივნენ ბენილუქსის ქვეყნების იერარქები, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მღვდელმთავრები: ბელგიის მიტროპოლიტი ათენაგორა (მიტროპოლიტი ბელგიისა, ეგზარქოსი ნიდერლანდებისა და ლუქსემბურგისა. ბენილუქსის ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეზიდენტი), მისი დამხმარე, აპოლონიის ეპისკოპოსი იოაკიმე და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნეამსის ეპისკოპოსი მარკოზი.

მათ დიდი პატივისცემა და სიყვარული გამოხატეს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორესადმი, გაიხსენეს პატრიარქის სტუმრობა ბელგიაში და მაშინდელი შეხვედრები, ასევე, ისაუბრეს თავისი მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე ალავერდისა და ბოდბის ეპარქიებში.

მისმა უწმინდესობამ დალოცა სტუმრები და მადლობა გადაუხადა მობრძანებისათვის.

დელეგაცია, რომელშიც ასევე შედის პროტოპრესვიტერი პანაგიოტის მოცონასი (კონსტანტინოპოლისა და ბელგიის სამიტროპოლიტო), ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა დოსითეოსმა (ბოგვერაძე) კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ჩამოიყვანა საქართველოში.

სტუმრები კიდევ ორ დღეს დარჩებიან ჩვენს ქვეყანაში.

07.05.2023

მსგავსი განცხადებები: