პატრიარქის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი ქართული გალობის საღამო რუსთავის ზაქარია ფალიაშვილის ხელოვნების სკოლის დარბაზში


2023 წლის 26 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ რუსთავში, ზაქარია ფალიაშვილის ხელოვნების სკოლის დარბაზში ქართული გალობის საღამო გაიმართა.

ღონისძიებაში რუსთავში მდებარე ტაძრების მგალობელთა გუნდები მონაწილეობდნენ.

საღამო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებს მიეძღვნა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევა გადასცა.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გალობის აღორძინების საქმეში საქართველოს ეკლესიის მეთაურის განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება.

აქ შეკრებილები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საიუბილეო თარიღებს ულოცავდნენ და საქართველოს ეკლესიის მეთაურის უდიდეს ღვაწლზე საუბრობდნენ.

ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: