საზეიმო ღონისძიება ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი აქტივობების ფარგლებში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და ,,N სტუდიის" ორგანიზებით, დღეს, 2022 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება გიორგობის დღესასწაულს, უწმინდესისა და უნეტარესის მოღვაწეობასა და ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის კურთხევიდან 18 წლისთავს მიეძღვნა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფოლკლორული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები, ასევე შშმ პირები, მათ შორის, ინკლუზიური საცეკვაო სკოლა „ანისი“ და თერჯოლის დღის ცენტრი „იმედის სხივი".

საზოგადოების წინაშე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთებისა და ბავშვთა ნახატების გამოფენა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მათ შორის, დამთვალიერებელს შეეძლო ენახა სამტრედიის, თერჯოლის, ახალციხის, ზუგდიდის, ლენტეხის სკოლების, წმინდა ექვთიმე და წმინდა გიორგი მთაწმინდელების მართლმადიდებლური სკოლის, ,,აფხაზეთი 2"-ის სამხატვრო სკოლისა და სხვა სასწავლებლების მოსწავლეთა ნამუშევრები.

ღონისძიებაში დაახლოებით 700 ადამიანი მონაწილეობდა. მონაწილე ჯგუფებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები და წმინდა გიორგის ხატები!

გთავაზობთ ღონისძიების ამსახველ ფოტომასალას. ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: