გამწვანების ღონისძიება ცამეტი ასურელი მამის სახელობის მშენებარე ტაძრის ეზოში


2022 წლის 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა ,,გაამწვანე საქართველო“ (აღმასრულებელი მდივანი გოჩა არონიშიძე) თბილისში, ბაგებში, ცამეტი ასურელი მამის სახელობის მშენებარე ტაძრის ეზოში გამწვანების ღონისძიება მოაწყო.

გამწვანების ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ღონისძიების ფარგლებში დაირგო ლაგოდეხის სანერგისა და კომპანია ,,მწვანე სახლის“ 400-ზე მეტი ტუიასა და კიპარისის ნერგი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ცამეტი ასურელი მამის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მრევლთან და საკვირაო სკოლის ბავშვებთან ერთად. ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გოგი ჭაჭიაშვილმა, ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ხაბეიშვილმა და ვაკე-საბურთალოს გამგებელმა დავით კვინიკაძემ.

აღსანიშნავია, რომ ფონდმა ამავე ტაძრის ეზოში გასულ წლებშიც განახორციელა გამწვანების ღონისძიებები, რომელთა ფარგლებშიც დარგული კიპარისები და ზეთისხილის ნერგები დღეს გახარებული და მოვლილია.

მსგავსი განცხადებები: