პროექტი 'ააშენე საქართველო'


2023 წლის 2- 5 თებერვალს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროექტის - „ააშენე საქართველო“ ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებმა.

პროექტი მიზნად ისახავს სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გაზრდას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, რათა მათ ერთობლივად შეიმუშაონ არსებული პრობლემების გადაჭრის გზები.

პროექტის ფარგლებში გაიმართება დისკუსიების 4 რაუნდი და საერთო ფორუმი თითოეული დისკუსიის შემდგომ. მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსიის და კომპრომისის გზით პროცესი მოამზადებს ნიადაგს, რომელიც ორიენტირებული იქნება კონსენსუსის მიღწევაზე არაფორმალურ, დახურულ გარემოში.

პროექტში ჩართული ჯგუფები არიან: ბიზნეს სექტორი, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აკადემიური წრეები, ახალგაზრდული და რელიგიური ორგანიზაციები.

ღონისძიების მთავარ თემას წარმოადგენდა ე.წ. „ტვინების გადინების“, იგივე მაღალკვალიფიციური კადრების და ზოგადად ემიგრაციის, პრობლემი, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, განსაკუთრებით კი საქართველოში მწვავედ დგას.

ღონისძიების ფარგლებში განსახილველი თემის ირგვლივ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა.

აღინიშნა, რომ მაღალკვალიფიციური კადრების ემიგრაციის პრობლემის მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური საკითხის მოგვარება, თუმცა ამავე დროს არანაკლებ გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია, ურთიერთდაპირისპირება და სიძულვილის ენა, რაც საერთო გარემოს ტოქსიკურსა და აუტანელს ხდის. ქვეყნიდან წასვლის სურვილს ძირითადად ნიჰილიზმი, უიმედობა და დაუცველობის შეგრძნება ბადებს.

გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარებისათვის აუცილებელია მნიშვნელოვანი ინსტიტუციების გაძლიერება და გამტკიცება, საზოგადოებაში მათდამი პატივისცემის დანერგვა. ამისათვის კი ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტები არ იყვნენ დაკნინებული და დისკრედიტირებული.

საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან აღინიშნა, რომ ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია მედიის როლი და გამოითქვა მზაობა მაქსიმალური ღიაობისთვის და ურთიერთობის პლატფორმების შესაქმნელად.

საპატრიარქოს წარმომადგენლების პოზიციები გაიზიარეს და მხარი დაუჭირეს პროექტის სხვა მონაწილეებმა.

შეხვედრები გაგრძელდება სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე და სხვადასხვა ფორმატით.

მსგავსი განცხადებები: