წმინდა ექვთიმე ღვთისკაცისადმი (თაყაიშვილი) მიძღვნილი საღამო


გრძელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილი შემეცნებითი საღამოები, რომლებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელშეწყობითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების ,,იცანი" ორგანიზებით იმართება.

მორიგი, რიგით მერვე საღამო მიეძღვნა საქართველოს ეროვნული საგანძურის გადამრჩენელის, მეცნიერის, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) ცხოვრებასა და ღვაწლს.

საღამო 2022 წლის 23 დეკემბერს კიკეთში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელში გაიმართა.

2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის წარდგინებით, ექვთიმე თაყაიშვილი ქართველი ერისა და ეკლესიისათვის გაწეული დიდი ღვაწლისთვის წმინდანად შერაცხა.

მოწვეულ სტუმრებს წმინდანის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობაზე ესაუბრა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, კიკეთის წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

როგორც დეკანოზმა ანდრიამ ბრძანა, ეკლესიის მიერ წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის წმინდანად შერაცხვა ნიშნავს იმას, რომ მისი ღვაწლი ძალიან მნიშვნელოვანია. ეკლესიამ უკვდავყო იგი, რადგან მომავალი თაობებისთვისაც მისაბაძი მაგალითი გამხდარიყო.

საღამოს ფარგლებში კიკეთის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის მოსწავლეები დამსწრე საზოგადოებას წინაშე წარდგნენ მცირე დადგმით, რომელიც წმინდა ექვთიმეს ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდის მიხედვით მოამზადეს. მოწვეულმა ახალგაზრდა მსახიობებმა კი სტუმრებს წარმოუდგინეს ლიტერატურული კომპოზიცია წმინდანის ღვაწლის შესახებ.

ღონისძიება დასრულდა სიმფონიური კვარტეტისა და გიტარისტს კაკო ვაშალომიძის მიერ შესრულებული მუსიკალური კომპოზიციებით.

მსგავსი განცხადებები: