პროექტი 'ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში'


საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ ტრადიციულად, წელსაც 5–14 ივლისს, ქობულეთში, პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (დონორი: შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER) მთავარ აქტივობას – ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას (საზაფხულო ბანაკს) მასპინძლობდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელმა 40 ახალგაზრდამ ქვემო ქართლიდან, სამცხე–ჯავახეთიდან და აფხაზეთიდან.

ბანაკის პროგრამა იყო მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო: არაფორმალური განათლების სავარჯიშოები, კინოჩვენებები, დისკუსიები, სპორტული და ინტელექტუალური შეჯიბრებები, სესიები კონფლიქტების ტრანსფორმაციაში, ტოლერანტობის, თანასწორობისა და მრავალფეროვნების მიმღებლობაში.

საზაფხულო ბანაკში მოზარდები ერთმანეთს უზიარებენ კულტურას, ცეკვებსა და სიმღერებს, აცნობენ ტრადიციებს, ხალხურ თქმულებებსა და ლეგენდებს; ენის გაკვეთილებზე სწავლობენ ქართულ, აფხაზურ, სომხურ და აზერბაიჯანულ სიტყვებს; დღის ბოლოს კი წარადგენენ თემატურ საღამოებს, რომლებიც დაფუძნებულია ერთობაზე და ახალგაზრდებს ეხმარება გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გადაწყვეტილებით, კავკასიის რეგიონში მშვიდობის მშენებლობისა და განმტკიცების ხელშეწყობისათვის, საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს" ახალგაზრდებისათვის სამშვიდობო პროექტების ჩასატარებლად დაეთმო ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენცია, სადაც მომავალი თაობის აქტიური ჩართულობით საფუძველი ეყრება მათ მეგობრობას, სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან გადაჭრას, ძალისმიერი მეთოდების უგულებელყოფასა და მხარეებს შორის დიალოგის დაწყების სულისკვეთებას.

მსგავსი განცხადებები: