თურქეთის ქალაქ დემრეში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს


"წმინდანის ნეშტი შესაძლოა თურქეთში ინახებოდეს", აცხადებენ ადგილობრივი სპეციალისტები. სენსაცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საყოველთაო აზრს, რომ რელიკვია ასწლეულებია რაც იტალიაში ინახება. ჰიპოთეზას საკუთარი არგუმენტები აქვს.
 
თურქეთის ქალაქ დემრეში არქეოლოგიური გათხრები ჯერ კიდევ 1989 წელს დაიწყო. 2022 წელს ჰათაის მუსტაფა ქემალის სახელობის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გადაწყვიტეს წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მინაშენის გამოკვლევა. მიმდინარე სეზონის მიწურულს 2,5 მეტრის სიღრმეზე მათ შთამბეჭდავ ნიშას და იქ არსებულ სამარხს მიაკვლიეს, რომელიც გაუხსნელია. დაკრძალვის ადგილის სიახლოვეს არქეოლოგებმა ცხოველთა ძვლები და თიხის ლამპები აღმოაჩინეს. ფაქტი, რომ დასაფლავების ადგილი ახლოსაა წმინდა ნიკოლოზის ტაძართან, მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ეს წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის საფლავი უნდა იყოს.
 
„დიდი იმედი გვაქვს სარკოფაგზე ნაწერს ვიპოვით, - მუსტაფა ქემალის სახელობის უნივერსიტეტის დოცენტმა, ებრო ფატმა ფინდიკმა, - ეს საშუალებას მოგვცემს გავიგოთ ვინ არის დაკრძალული და რომელ პერიოდს უნდა მივაკუთვნოთ იგი“.
 
რატომ არიან ასე დარწმუნებულები, რომ წმ. ნიკოლოზის საფლავი იპოვეს?
 
თანამედროვე ქ. დემრეს ადგილას არსებობდა ქ. მირა, სადაც წმინდანი მსახურობდა. 343 წ. ის ადგილობრივ ტაძარში დაკრძალეს, რომელიც ხელახლა ააშენეს 529 წ. დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ.
 
დღეს გავრცელებული მოსაზრების თანახმად, 1087 წ. ქ. ბარიდან ჩამოსულმა ექსპედიციამ წმინდანის ნაწილების 85 % მშობლიურ ქალაქში გადაასვენა. მოგვიანებით დარჩენილი ნაწილები ვენეციელებმა წააბრძანეს.
 
1953 წ. ჩატარებულმა ორმა დამოუკიდებელმა ანთროპოლოგიურმა კვლევამ დაადგინა, რომ წმინდა ნაწილები ერთი და იმავე ადამიანს ეკუთვნის.
 
2017 წ. სანამ სიწმინდეებს რუსეთში გადააბრძანებდნენ, კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ისინი დაახლ. IV ს-ში, მცირე აზიაში მცხოვრებ ბერძენს ეკუთვნოდა. თურქულ მხარეს მიაჩნია, რომ ძვლები IV საუკუნისაა, მაგრამ არა წმინდა ნიკოლოზის.
 
თუმცა იმავე 2017 წელს არქეოლოგებმა დემრეს ეკლესია ავთენტურ საძირკვლამდე გათხარეს. ტექნიკის გამოყენებით დაადგინეს, რომ აფსიდაში (საკურთხეველში) მოზაიკით დაფარული ქვის ფილის ქვეშ 80 კვ.მ. აკლდამაა, რომელიც დღემდე შეუსწავლელია.
 
შესაბამისად დღევანდელი მდგომარეობით თურქ სპეციალისტებს წმინდა ნიკოლოზის სამარხის „წოდებაზე“ ორი პრეტენდენტი ჰყავთ. არაა გამორიცხული წმინდა მღვდელმთავრის ნეშტი რომელიმე მათგანში ესვენოს.

მსგავსი განცხადებები: